ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყოფილი პოლიციელი აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის წინააღმდეგ

„პოლიციის უფროსი ჩვენგან გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა,“ – ეს განცხადება ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, გია ხალვაშმა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის  გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, პოლიციის სამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის, დავალებით, ჯარიმები უნდა გამკაცრებულიყო.

„არანაირი ტოლერანტობა, არანაირი პრევენცია. უნდა მომხდარიყო ანუ ელემენტარული თუ ითვალისწინებდა 50-ლარიან საჯარიმო ქვითარს, ის არ უნდა გაგვეთვალისწინებინა და უნდა გაგვეთვალისწინებინა 200-ლარიანი,“ – განაცხადა გია ხალვაშმა.

მისი თქმით, ჯარიმები უსამართლო უნდა ყოფილიყო და ის პირველი იყო, ვინც ამ მიდგომას შეეწინააღმდეგა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ  კახა ბუხრაძე მასზე ზეწოლას ახდენდა და შედეგად გაათავისუფლა კიდეც.

თუმცა, როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ხალვაშის მიმართ მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით, რისი დადგენის შემდეგაც ის სამსახურიდან დაითხოვეს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს 1-ლი განყოფილების (ბათუმი) პატრულ-ინსპექტორის, გია ხალვაშის მიმართ მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოქმედი დისციპლინური სახდელის – სასტიკი საყვედურის პირობებში, 2016 და 2017 წლებში გია ხალვაშმა 4-ჯერ უხეშად დაარღვია პოლიციის შესახებ კანონის, პოლიციის ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური წესდების მოთხოვნები. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, შს სამინისტროს მოსამსახურე გია ხალვაშს შეეფარდოს საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა”- განუცხადეს შსს-ში “მეტრონომს”.

შეგახსენებთ, 11-12 მარტს ბათუმში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა.  როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებდა.

გუშინ კი, 11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორების განცხადებით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

იტვირთბა....