ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავს

საქართველოში შემოტანილი და სავაჭრო ქსელში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავს.
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება როგორც საკვებით, ჭურჭლითა და სამზარეულო ნივთებით, ასევე ქსოვილებით, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება მავნე ზეგავლენა, რასაც სინთეტიკური ქსოვილები და საღებავები იწვევენ.

ცხადია, ანალოგიური პრობლემაა ყველგან, თუმცა ჩვენს ყურადღებას ამჯერად იწვევს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქცია, რომელთა უმეტესობა უხარისხო და იაფია. უხარისხო საქონელი ძირითადად თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის და მოჰყვება არასრული ეტიკეტები, რომლის წაკითხვა მომხმარებელს არაფერს აძლევს. ისიც უნდა ითქვას, რომ ტანსაცმლის შეძენისას იარლიყზე დატანილ ინფორმაციას თითქმის არავინ ეცნობა და მყიდველი ბრმად იძენს ამა თუ იმ სამოსს, რომელსაც ხანდახან წლების განმავლობაში იყენებს.

საფრთხე კი ნამდვილად დიდია. როგორც “ბიზნეს-რეზონანსს” ბიოქიმიკოსმა, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ განუცხადა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიში ტანსაცმლის მომხმარებელია. ზოგადად, ეს ეხება არა მხოლოდ ზედა სამოსს, არამედ საცვლებს, თეთრეულს და სხვა. თუ ჩასაცმელის ფერი, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, მოქმედებს პიროვნების გუნება-განწყობაზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქსოვილის ქიმიური შემადგენლობა გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე.

“სინთეზური ქსოვილი იაფი ჯდება, არ იჭმუჭნება, დიდხანს ინარჩუნებს ფერს და მოხმარების მხრივ ხელსაყრელია. ამ დროს მას საკმაოდ მავნე შედეგი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სინთეტიკური ტანსაცმლის გამოყენება სასტიკად აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს ანემია, კანის დაავადებები – ფსორიაზი და ეგზემა. ჯანმრთელმაც რომ ატაროს დაბალი ხარისხის სინთეზური ქსოვილი, შესაძლოა, დერმატიტი განუვითარდეს.

არანაკლებ საშიშია სინთეზური თეთრეული, რომელსაც აქვს სოკოების და სხვა მიკროორგანიზმების დაგროვების უნარი. ასთმიანი ან ალერგიული ადამიანისთვის ის განსაკუთრებით საშიშია. ასეთ თეთრეულში წოლა ჯანმრთელობის მაღალ რისკს შეიცავს. მაგალითად, ლეიბს თუ ზედიზედ 5 წელიწადს გამოიყენებთ, მავნე მიკრობების ნორმა დასაშვებს 3-ჯერ გადააჭარბებს. ბალიშებში სინთეზური შემავსებლებით ობის სოკოები 2-ჯერ მეტია, ვიდრე ბუმბულით გატენილ ბალიშებში”, – განმარტავს გახოკიძე.
“სინთეტიკა კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მოძრაობისას სხეული ცხელდება და ოფლიანდება, რაც იწვევს გამონაყარს, ქავილს, ქრონიკულ სურდოს და სხვა. აუცილებელია ეტიკეტზე ქსოვილის შემადგენლობის ზუსტი აღნუსხვა. თუ ის 70% ნატურალური ბოჭკოსგან შედგება, ნორმაა (ცხადია, ნატურალური სჯობს). რაც მეტია სინთეტიკა, მით უფრო ცუდად ცირკულირებს ჰაერი და ირღვევა თერმორეგულაცია.

პირველ რიგში, უნდა დაყნოსოთ ქსოვილი და თუკი იგრძნობთ საღებავის სუნს, უარი თქვით მის შეძენაზე. საღებავში ტოქსიკური მასალები გამოიყენება და მისი გასუფთავება შეუძლებელია. ძირითაად იყენებენ აზო საღებავებს, რაც იწვევს ალერგიას და ონკოლოგიურ დაავადებებს.

საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 50-იან წლებში აიკრძალა აზო საღებავებით მაისურების შეღებვა, რადგან დადასტურდა, რომ მისი კანზე შეხება კიბოს პროვოცირებას იწვევდა. დღეს ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

აზო საღებავი კარგია იმ მხრივ, რომ გამძლე შეფერილობას იძლევა, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ აკრძალა, ხოლო გერმანიაში “შავ წიგნში” შეიტანეს. ასევე “მოვეინი”, ერთ-ერთი პირველი სინთეზური საღებავი, ძალიან საშიში, რომელსაც ბავშვების ტანსაცმელში იყენებენ.

სინთეტიკური ქსოვილის გარდა, საღებავები და წებოები ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. დადგენილია, რომ ამინებსა და აზო საღებავებთან ხანგრძლივი კონტაქტი იწვევს შარდსადინარისა და საშარდე ბუშტის კიბოს განვითარებას. ასეთ საღებავს სუნი არ აქვს და მომხმარებელს დამოუკიდებლად მისი აღმოჩენა ტანსაცმელში არ შეუძლია”, – განმარტავს რამაზ გახოკიძე.
წყარო: “ბიზნეს-რეზონანსი”

იტვირთბა....