თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვისათვის ბრალდებული 6 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, ექვსივე პირს ბრალად ედებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასევე, მათ ბრალად ედებოდათ ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. მათვე, ბრალად ედებოდათ გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.
საქმის მასალების თანახმად, თბილისში, 2016 წლის 2 აგვისტოს, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ირაკლი ხ.-ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. ბრალდებულებმა, გამოძიებით დაუდგენელ ორ სხვა პირთან ერთად, ირაკლი ხ.-ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეტალისა და ელექტრო შოკის მეშვეობით, წაართვეს საბანკო ბარათი და დაეუფლნენ თანხას 750 ლარის ოდენობით, ასევე მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით 10 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. დაზარალებულმა ბრალდებულებს გადასცა 3500 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა მათ მიერ დათქმულ ვადაში უნდა გადაეხადა. 2016 წლის 3 აგვისტოდან, ერთ-ერთი ბრალდებული მოქმედებდა რა ჯგუფის წევრებთან ერთიანი განზრახვით, სისტემატიურად უკავშირდებოდა ირაკლი ხ.-ს და დამატებით 15 000 ლარის გადახდას ითხოვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი მათი ბრალეულობა ძარცვისათვის წარდგენილ ბრალდებაში და ამ ნაწილში ყველა მათგანი გამართლდა. რაც შეეხება, გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის წარდგენილ ბრალდებას, ექვსივე პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი და დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 8 წლით, ასევე ჯემალ ბ.-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.