ავტორი: ელზა პაპოშვილი
გუშინ ქუთაისში, 16 წლის გოგონამ, წინასწარი ინფორმაციით, თავი ფარდის საკიდზე ჩამოიხრჩო. ადგილობრივების ცნობით, ის ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.
გარდაცვლილი გოგონას მეზობლები „მეტრონომთან“ ამბობენ, რომ მოზარდმა თვითმკვლელობა იმ დროს ჩაიდინა, როდესაც მისი ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოასწრეს. დედა თურქეთში, მეორე ქმართან ერთად ცხოვრობდა, ხოლო გოგონა ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა.
მათივე ინფორმაციით, ეს ოჯახში პირველი ტრაგედია არ არის და რამდენიმე წლის წინ, გოგონას მამამ თავი სანადირო თოფით, საკუთარი სახლის ეზოში მოიკლა. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა საკმაოდ გულჩათხრობილი და დეპრესიული იყო. ამის მიზეზად კი ისინი მის ოჯახურ მდგომარეობას ასახელებენ.
„საშინელი ამბავი მოხდა. ენით აუწერელი უბედურება დატრიალდა. ბავშვი ჩვენს თვალწინ იზრდებოდა და ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ საშინელებას ჩაიდენდა. ჩვეულებრივი ოჯახია, გოგონას დედა თურქეთში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, სხვა ოჯახი აქვს.
ბავშვის მამამ რამდენიმე წლის წინ თავი სანადირო თოფით მოიკლა. ეს უბედურება არ კმაროდათ? ახლა საწყალი ბავშვიც დაემატათ. თვითმკვლელობის მიზეზი და მოტივი უცნობია, ბავშვს არც შეყვარებული ჰყოლია და არც რაიმე კონფლიქტი მოსვლია ვინმესთან.
ასე, უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მამის მსგავსად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ბებიასთან და პაპასთან ერთად ცხოვრობდა, საწყალი მოხუცები გაუბედურებულები არიან. ბავშვმა თავის ოთახში ფარდის საკიდზე თავი იმ დროს ჩამოიხრჩო, როცა მოხუცები ტელევიზორს უყურებდნენ და ვერაფერი გაიგეს. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე გარდაცვლილი იპოვეს. ცოტა დეპრესიული და გულჩათხრობილი ბავშვი იყო. მოხუცები სულ უკან დასდევდნენ. როცა ოთახიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში აღარ გამოვიდა, მისი ძებნა დაიწყეს და ასეთ მდგომარეობაში იპოვეს.
საცოდავ დედას მოატყუეს, რომ მამამისი (პაპა) გახდა ავად და სასწრაფოდ უნდა ჩამოსულიყო. საქართველოში დაბრუნებულს კი გარდაცვლილი შვილი დახვდა“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას მეზობელი ნანა ფურცხვანიძე “მეტრონომთან”.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.