ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფონიჭალაში დედა-შვილის საზარელი მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის საზარელი მკვლელობის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულისთვის ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ. გახმაურებული მკვლელობის მსხვერპლები ნონა რომანაძე და მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორიაა.  მკვლელობაში ბრალდებული კი – 1989 წელს დაბადებული გიორგი ხაბელაშვილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოადგინეს. როგორც ბრალდებულმა გიორგი ხაბელაშვილმა განაცხადა, ის ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა 3 წლის ბავშვისთვის 14 ჭრილობა მიეყენებინა.

„ 3 წლის ბავშვს 14-ჯერ რანაირად უნდა დავარტყა დანა, ვერ ვხდები. შევედი, 5 ათასი ლარის ოქროულობა გამოვიტანე და გასვენებაში გელა მამფორიას(დაზარალებულის ძმა) 1000 ლარი დავახარჯე გზის ფულად? დედა-შვილი მოვკალი იმისთვის, რომ გასვენებაში გამეშვა კაცი?!” – განაცხადა ხაბელაშვილმა.

შეგახსენებთ, ბრალდებულის, გიორგი ხაბელაშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სასამართლო სხდომებს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე უძღვებოდა. ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით.

წინა სასამართლო პროცესზე გიორგი ხაბელაშვილმა განაცხადა, რომ მას თავდაპირველი აღიარებითი ჩვენებები წამების შედეგად მიაცემინეს. მისი ადვოკატის, თამაზ კვახაძის განცხადებით, ხაბელაშვილი უდანაშაულოა, ხოლო ნამდვილი დამნაშავე კი გარეთ დადის, რომელიც უნდა გამოვლინდეს და მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.

დღეს, საქალაქო სასამართლოში აღიშნული გახმაურებული მკვლელობის საქმე დასრულდება. მოკლული ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები დამნაშავესთვის სასჯელის ზომად უვადო პატიმრობას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხაბელაშვილი დამნაშავეა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
რაც შეეხება წესებს, უფროსი მსაჯული ვერდიქტს აცხადებს სასამართლო სხდომის დარბაზში. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს და დაითხოვს მათ.
თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.
გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს ვერდიქტის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. 

იტვირთბა....