თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრის მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციას დავით ნარმანია გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაჭრობა ლეგალიზებული უნდა იყოს და დიდუბის ტერიტორიაზე ვაჭრობა სურსათის უვნებლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებში უნდა მოექცეს.
„რაც შეეხება კონკრეტულად ჭიშკრის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს ორ კომპანიას შორის მიმდინარე დავაა. თბილისის მერია ჩართულია ამ საკითხებში, თუმცა აღსრულების ნაწილი როგორც არის დადგენილი წესის და ნორმების მიხედვით უნდა მოხდეს აღსრულება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებმა დღეს, თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა დიდუბის ბაზრის შუაში არსებული კედლის დემონტაჟია. როგორც მოვაჭრეებმა “მეტრონომს” განუცხადეს, თუ შესაბამისი სამსახურები კედლის დემონტაჟს არ განახორციელებენ, ისინი თავად დაანგრევენ მას. დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ იქ მობილიზებულმა დაცვის სამსახურმა და პოლიციის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
დავით ნარმანიას განცხადებას “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა გამოეხმაურა.
“ეს არის წერილი, რომელსაც ხელს აწერს ქალაქის მერი, დავით ნარმანია, სადაც წერია: “გთხოვთ შეასრულოთ ნაკისრი ვალდებულება და მოახდინოთ ზემოთ აღნიშნული ობიექტის დემონტაჟი”. ეს არის ნარმანიას მიერ 2016 წლის სექტემბერში ხელმოწერილი დოკუმენტი და ახლა გვეუბნება ბატონი ნარმანია, რომ თურმე ეს ის კერძო პირებს შორის დავა. სრულიად აშკარაა ერთი რამე, რატომ მოეწერა ამ დოკუმენტს ხელი სექტემბერში? იმიტომ, რომ ოქტომბერში იყო არჩევნები. ეს მინდა კარგად დაიმახსოვრონ თბილისელებმა. არჩევნების წინ, ისევ გახდებიან კეთულშობილები, მაგრამ შემდეგ ისევ გახდებიან ულმობელები, ისეთები როგორებიც იყვნენ დღეს. აქ მოსული ქალბატონების წინააღმდეგ გამოიძახეს პოლიციის ორი დივიზიონი, თანაც ყველა ცეცხლსასროლი იარაღითაა აღჭურვილი”- განაცხადა კუკავამ მერიასთან აქციის დროს.
მისი თქმით, მომავალში მოვაჭრეები გეგმავენ მერის და მისი მოადგილეების სახლთან აქციების გამართვას.