ვახტანგ გომელაურმა დღეს კანონმდებლებს 27 გვერდიანი ანგარიში წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსენებაში მთავარი საკითხები იყო კონტრდაზვერვითი საქმიანობა, პირადი მონაცემების დაცვა.
სუს-ის მთავარი გამოწვევა ოკუპირებული ტერიტორიები რჩება. ვახტანგ გომელაურის თქმით, სუს-ი ყველაფერს აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, იქ განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
”ბოლო წლებში მსოფლიოსა და რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების გარემო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის პრიორიტეტებს განეკუთვნებოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე მუშაობა და მათგან მომდინარე საფრთხეების შეკავება, კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის საპასუხოდ კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება, ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანალიტიკური შესაძლებლობებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის განვითარება, უწყებათშორისი კოორდინაციის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, სერიოზული გამოწვევაა ამ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია, მოქალაქეების უკანონო დაკავება, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები.
”საანგარიშო პერიოდში სამსახური მონიტორინგს უწევდა ადგილზე არსებულ ვითარებას და ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მონაწილეობდა ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენი წარმომადგენელი მონაწილეებს აცნობდა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. 2016 წლის მაისში ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. გასულ წელს გალში IPRM-ის 6, ხოლო ერგნეთში 11 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებზე უსაფრთხოების სამსახური მუდმივად სვამდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინციდენტების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის უკანონო მოწყობის, ასევე საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სხვა უკანონო ქმედებების საკითხებს. ჟენევის დისკუსიებისა და IPRM-ის ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას საქმე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების თანამშრომლების მიერ სასტიკად იქნა მოკლული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა სუს-ის უფროსმა.
ვახტანგ გომელაურის შეფასებით, IPRM-ის ფარგლებში შექმნილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“, ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციასა და მათ უმოკლეს ვადაში გადაწყვეტას.
”მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან სამმხრივი შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ორი შეხვედრა. 2016 წელს ჩვენი სამსახურის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზი პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის 27-მა დელეგაციამ მოინახულა”, – აღნიშნა გომელაურმა.