ავტორი: მანა ნოდია
ამ სტატიას მოქალაქეების მხოლოდ სათანადოდ ინფორმირების დანიშნულება აქვს. “მეტრონომმა” შსს-ს გაუგზავნა კითხვები, რომლებიც მოქალაქეების ინტერესების და უფლებების განმარტებისთვის იყო გამიზნული. საპოლიციო კონტროლისას ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება რეიდები, რა დროსაც მოქალაქეებს, სხვადასხვა ეჭვის საფუძველზე, პოლიციის ფორმაში და ხანდახან, უფორმო პირებიც კი, გარეგნულ ჩხრეკას უტარებენ. რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუკი მას პოლიციელი ქუჩაში გააჩერებს? რას ნიშნავს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და რომელ საკანონმდებლო ბაზას უნდა იყვნენ გაცნობილნი მოქალაქეები მსგავსი შემთხვევების დროს? როდის აქვს ჩხრეკის უფლება პოლიციას? როგორ და რა მეთოდებით უნდა ხდებოდეს ჩხრეკა და რა უფლებები აქვს ორივე მხარეს?
საპოლიციო რეიდების მიღმაც, ხშირია შემთხვევა, როცა მოქალაქე სხვადასხვა მიზეზის გამო პოლიციელის ინტერესის ობიექტი ხდება. ერთი მხრივ, ეს ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის არის საჭირო, მაგრამ, მაშინ, როცა სამართლადამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები არცთუ შორეული წარსულიდან საქართველოს მოქალაქეებს მტკივნეულად ახსოვთ, ალბათ ლოგიკურია ის სიფრთხილე, რაც ჯერ კიდევ მოჰყვება პოლიციელის მხრიდან გაჩერებულ მოქალაქეს.
„მეტრონომმა“ შსს-ს გაუგზავნა კითხვები, რომელშიც რედაქციამ უწყებას სთხოვა, დეტალურად აუხსნას მკითხველს, რისი უფლება აქვს პოლიციელს და მოქალაქეს, როცა სამართალდამცავი მის გაჩერებას გადაწყვეტს. რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომელიც უცებ პოლიციელის მხრიდან შეყოვნების ობიექტი ხდება? “მეტრნომმა” შსს-დან შესაბამისი პასუხები მიიღო:
„მეტრონომი“: რა შემთხვევაში აქვს პოლიციელს ქუჩაში მიმავალი მოქალაქის გაჩერების უფლება? გთხოვთ, განგვიმარტოთ ყველა შესაძლო ვარიანტი.
შსს: საპოლიციო ღონისძიებების, კერძოდ კი პირის გამოკითხვის, იდენტიფიკაციის, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების, სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების, ასევე სპეციალური კონტროლის ჩატარებისას პოლიციელს უფლება აქვს შეაჩეროს პირი. ამ ღონისძიებების ჩატარების საფუძველი სხვადასხვაა და გაწერილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავში (ასევე იხ. პირველი და მე-14 კითხვის პასუხები).
ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში პოლიციელი მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
– რა მოქმედებების უფლება აქვს პოლიციელს ქუჩაში მოქალაქის მიმართ და აქვს თუ არა უფლება, გაჩხრიკოს იგი. რა სახის ჩხრეკაზე შეიძლება იყოს საუბარი ამ დროს (ჯიბეების შემოწმება, პირადობის საბუთის მოთხოვნა და სხვ.)
–„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი ადგენს სტანდარტებს, თუ როგორ უნდა მოხდეს პირის ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. კერძოდ, კი:
პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი, ან საშუალებით შეხებას.
პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის, ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები, ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.
ზედაპირულ შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი სქესის პოლიციელი. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა პოლიციელმა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი, ან საშუალებით.
პოლიციელი ვალდებულია პირს განუმარტოს ამ ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.
პოლიციელი ამ ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების მონაწილე პირები და ფაქტობრივი გარემოებები. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმზე ხელმომწერ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ჩხრეკის ჩატარების წესი მოცემულია პირველი კითხვის პასუხში.
– თუკი მოქალაქე, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და არ ჩათვლის მიზანშეწონილად, რომ პოლიციელს გააჩხრეკინოს თავი, ან აჩვენოს პირადობის მოწმობა, გთხოვთ, განუმარტოთ მოქალაქეებს, კანონმდებლობით რისი უფლება აქვს პოლიციელს? გთხოვთ, ეს კანონმდებლობა დეტალურად განმარტოთ.
– თუ არსებობს საპოლიციო ან/და საგამოძიებო ღონისძიების ჩატარებისათვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი (მაგალითად: არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში; არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა;) პოლიციელს უფლება აქვს მოსთხოვოს პირს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ ღონისძიებაში. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.
– რომელ ნორმატიულ აქტს უნდა გაეცნოს მოქალაქე იმისათვის, რომ ის წინასწარ ინფორმირებული იყოს მსგავსი გაჩერების დროს თუ როგორ უნდა მოიქცეს?
–„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
– უნდა წარუდგინოს თუ არა პოლიციელმა მოქალაქეს საკუთარი თავი და პოლიციელის დამადასტურებელი მოწმობა? ამავდროულად, პოლიციელი თუ სამოქალაქო ფორმაშია, აქვს თუ არა უფლება მოქალაქეს, არ დაემორჩილოს?
–„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.
– რას ნიშნავს კანონით „პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა“ და თუ შეგიძლიათ მოქალაქეებისთვის დეტალურად განმარტოთ ამ ტერმინის შინაარსი?
–„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევად ჩაითვლება ყველა ის ქმედება, როდესაც მოქალაქე არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.
– გვინდა მოგიყვეთ ერთ–ერთი შემთხვევა ჩვენი რედაქციის თანამშრომლისგან: ღამის 2 საათზე ფეხით, მშვიდად მიმავალი, გააჩერა პოლიციამ და ჰკითხა, რაიმე ხომ არ ედო მას ჯიბეში. შემდეგ კი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვა. პოლიციის მხრიდან იყო კითხვა: „რა გიდევს ჯიბეში, გვანახე შენი პირადობის მოწმობა“. ისტორია დასრულდა იმით, რომ პრეს–ბარათის ჩვენების შემდეგ, თანამშრომელს ზრდილობიანად დაშორდნენ. კითხვა: თუკი არ არსებობს მოქალაქის გაჩერების არანაირი გონივრული ეჭვი, თუ მოქალაქე არ ჰგავს რომელიმე ეჭვმიტანილს (რაც ჩვენ შემთხვევაში მოხდა –არც ეჭვმიტანილს ჰგავდა, არც გონივრული ეჭვი არსებობდა), აქვს თუ არა პოლიციელს უფლება გააჩეროს ის და შემდეგ მოსთხოვოს პირადობის მოწმობა. თუ არა, როგორ უნდა დაიცვას თავი მოქალაქემ?
–„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი ადგენს პირის გამოკითხვის წესს. კერძოდ კი:
პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:
ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;
გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;
დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;
ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე;
ვ) პირის, ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.
პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის პოლიციას, შეასრულოს ამ კანონით დაკისრებული ფუნქციები.
თუ მოქალაქე თვლის, რომ დაირღვა პირადი გამოკითხვის ჩატარების წესი, მას აქვს უფლება მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (ცხელი ხაზი: 126).
რედაქცია ცალსახად გამოხატავს პატივისცემას პოლიციელების, როგორც ქვეყნის წესრიგისა და უსაფრთხოების დამცველების მიმართ და მიიჩნევს, რომ ამგვარი სტატიები ხელს უწყობს, სამართალდამცველთა მიმართ არსებულ ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხების მკითხველამდე მიტანას.