გუშინ ღამის 12 საათის შემდეგ, სანაპირო ზოლში ძლიერი ქარი ამოვარდა, რომელმაც ბათუმის რიგ უბნებში ინფრასტრუქტურა დააზიანა. თამარის დასახლებაში მრავალსართულიან სახლს სახურავი ახადა.
ასევე, წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, განათების ბოძები. დაზიანებები მოქალაქეებს არ მიუღიათ. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში 20-მდე შეტყობინება შემოვიდა უწყებაში. ინფორმაცია, ძირითადად, ხეების წაქცევას და სახურავების დაზიანებას ეხებოდა.
“ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და გზები უკვე გაწმენდილია”- ამბობს სახანძრო სამსახურის უფროსი სირაბიძე.
ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ასევე, იმ სახლებისა და ავტომანქანების მდგომარეობის შესწავლა, რომელიც ქარმა დააზიანა.
აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ჭოროხზე კი ხუთი ადამიანი გადაარჩინეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები მდინარის ქვა-ღორღისგან გაწმენდას ცდილობდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მოიმატა და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ამ დროისთვის ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.