„მეტრონომი“ სასამართლო დარბაზიდან გახმაურებული მკვლელობის დეტალებს აქვეყნებს
ავტორი: ნინო ცხადაია
ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის გახმაურებული მკვლელობის საზარელი საქმის არსებით განხილვაზე დღეს ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული გიორგი ხაბელაშვილი დაიკითხა.
დაკითხვის დეტალების გაცნობამდე, შეგახსენებთ რომ ხაბელაშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სასამართლო სხდომებს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე უძღვება. ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა თავად ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი. მისმა ადვოკატმა თამაზ კვახაძემ წარმოადგინა ხაბელაშვილის ახსნა-განმარტება, რომელიც მან ადვოკატს მისცა დაკავების შემდეგ, 2016 წელს. ის ამ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ ივლისის თვეში, როცა დაზარალებულის, ოთარ მამფორიას ყოფილი ცოლის ძმებთან, ჩიჩუებთან ერთად ავლაბარში მანქანით გადაადგილდებოდა, ამ დროს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მანქანა გააჩერეს და თავის მეგობრებთან ერთად დააკავეს. ხაბელაშვილი აცხადებს, რომ მას არ განუმარტეს დაკავების მიზეზი:
”ჩემზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება, რომ დანაშაული მეღიარებინა. თავზე ჩამომაცვეს პოლიეთილენის პარკი, პარალელურად მირტყამდნენ გულ-მკერდის არეში. მაშინ შევიტყე რატომ დამაკავეს. მეუბნებოდნენ რომ უნდა მეღიარებინა ნონა რომანაძისა და მარიამ მამფორიას მკვლელობა. რამდენიმესაათიანი წამების შემდეგ, განადგურებული ვიყავი და იძულებული გავხდი მეღიარებინა დანაშაული” – ნათქვამია ბრალდებულის იმ ახსნა-განმარტებაში, რომელიც ადვოკატმა წარმოადგინა სასამართლო პროცესზე.
ადვოკატმა წარმოადგინა ასევე ჩვენებაც, რომელიც ხაბელაშვილმა გამოძიებას 26 ივლისს, 2016 წელს მისცა. როგორც ადვოკატი ამბობს, ეს ჩვენება ბრალდებულს გამოძიებამ წამების შემდეგ მიაცემინა. თავად ბრალდებული კი ამბობს, რომ მას ეს წარმოდგენილი ჩვენებები არ მიუცია და ის გამომძიებლებმა თავად დაწერეს.
პირველად, გამოძიებისთვის ბრალდებულის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენება, ადვოკატმა თამაზ კვახაძემ თავად წაიკითხა სასამართლო სხდომაზე. ხაბელაშვილი ამ ჩვენებაში ყვება, რომ მისი თანამზრახველი იყო მისივე მეგობარი, ვლადიმერ პრაზნიკი, რომელთან ერთადაც ნონა რომანაძე და მისი 3 წლის შვილის მოკლა:
”მე პრაზნიკს (ვლადიმერ პრაზნიკი, ხაბელაშვილის მეგობარი) ვუთხარი ხუმრობით, რომ მოდი, ოთარ მამფორია გავქურდოთ-მეთქი. ისიც დამეთანხმა. ვკითხე, სერიოზულად მეკითხები-მეთქი? ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ოთარ მამფორია დაგვეყაჩაღებინა. იმ შემთხვევაში, თუ კარს პატარა ბავშვი გააღებდა, მას ავაფარებდით ხელს, შემდეგ შევიდოდა პრაზნიკი, ამის შემდეგ დავაბამდით (დედა-შვილს) და ფულს მოვძებნიდით. ერთ-ერთი პირობა ასევე იყო ის, რომ თუ ნონა რომანაძე გვიცნობდა, უნდა დაგვეხოცა ისინი. მე და პრაზნიკი ამის შემდეგ შევხვდით და უფრო ხარისხიანად დავგეგმეთ დაყაჩაღება. ამის შემდეგ 22 თებერვალს, უნდა შევხვედროდით ერთმანეთს ქვემო ფონიჭალაში. ის დამთანხმდა. 22 თებერვალს, დილით მე გავედი შუქნიშანთან და ველოდებოდი ვლადიმერ პრაზნიკს. მან ნახევარი საათით დააგვიანა. როცა მოვიდა, ავედით ფეხით და ლიანდაგებთან, ჯიხურში, დავლიეთ ორი ბოთლი ლიმონათი. ჩვენ ლიანდაგების მხრიდან მივედით სადარბაზოში. თავზე გვეფარა ნიღბები. ნონა რომანაძემ გააღო კარი. მაშინ ნიღაბი მოხსნილი მქონდა. დამინახა, მიცნო, მომესალმა, მივესალმე. ნონას ვკითხე, ოთარი იყო თუ არა სახლში. მას ვთხოვე მოეცა ოთარის ტელეფონის ნომერი, რა დროსაც მან სახლში შეგვიპატიჟა. შევედით სახლში. აიღო მობილური ტელეფონი და ნომრის ძებნა დაიწყო. შევნიშნეთ პატარა მარიამიც. სახლში ჩართული იყო კომპიუტერი და ტელევიზორი. მე მარჯვენა ხელი დავარტყი სახეში ნონას, პრაზნიკმა ხელები ააფარა პატარა მარიამს და საძინებელში შეიყვანა. მე ტელევიზორს ხმა ავუწიე, რომ მეზობლებს არ გაეგოთ ხმაური. ნონა რომანაძე გონს მოდიოდა, რა დროსაც მარჯვენა ხელი ისევ დავარტყი სახეში და გაითიშა. მესამედ მოვიდა რომანაძე გონს, რა დროსაც ვაზა ჩავარტყი თავში და ის კვლავ გაითიშა. ვაზა დაიმსხვრა, სადაც 30 ლარი იყო. ავიღე და ჯიბეში ჩავიდე. მისაღებ ოთახში დავიწყე ფულის ძებნა. ბავშვი ამ დროს საძინებელში იყო, შეშინებული, და ხმას არ იღებდა. ვლადიმერმა დაინახა რომ ნონა ისევ გონს მოდიოდა, იქვე მდგომი ხის სკამი აიღო და თავში ჩაარტყა. ნონამ გონება არ დაკარგა. აღნიშნული სკამის ნამტვრევი ჩავარტყი მას. რა დროსაც მან გონება დაკარგა. ამის შემდეგ გავაგრძელეთ ფულის ძებნა. შემდეგ ბავშვის ტირილი გავიგონე. პრაზნიკმა გამოიტანა ორი დანა სამზარეულოდან და თქვა, რომ ცოცხლებს ვერ დავტოვებთო. მე ნონა რომანაძე უნდა მომეკლა. შიშველი ხელებით ვერ შევძელი. ამ დროს ვლადიმერი გამოვიდა საძინებლიდან კმაყოფილი სახით და რომ დაინახა, რომ რომანაძე ცოცხალი იყო, მან მითხრა, რომ ცოცხალს ვერ დავტოვებო. (რომანაძეს) დანა ჩავარტყი. შემდეგ ცუდად გავხდი. დანა სისხლიანი იყო, რა დროსაც ვლადიმერმა მითხრა, რომ დანა გარეცხეო. გავრეცხე და მოვათავსე პლასტმასის ჩასადებში. რომ გამოვდიოდით, ვნახე რომ საძინებელში ვლადიმერის მიერ ხანძარი იყო გაჩენილი. ვლადიმერს ფეხები სისხლიანი ჰქონდა. გავიქეცით სხვადასხვა მიმართულებით. ამის შემდეგ ვნახე ჩემი მეგობარი გოგონა. ის ვერაფერს მიხვდა. ვუთხარი რომ მეგობრებთან მივდიოდი დასალევად. შემდეგ მერაბ შაკიაშვილს, ვისთან ერთადაც ვსვამდი, დაურეკა დედამ და უთხრა, რომ ოთარ მამფორიას სახლი იწვისო” – ნათქვამია გამოძიებისთვის პირველად მიცემულ ჩვენებაში, რომელიც სასამართლო დარბაზში ბრალდებულის ადვოკატმა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ეს ჩვენება წამების შედეგადაა მიცემული.
ამის შემდეგ ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა და თავად წაიკითხა მეორე ჩვენება, სადაც ხაბელაშვილი ამბობს, რომ წინა ჩვენება ცრუ იყო. მეორე ჩვენებაში ბრალდებული აღნიშნავს, რომ ოთარ მამფორიას 2 000 დოლარი სთხოვა რადგან დედამისს ჰქონდა კიბო, ის იმყოფებოდა თურქეთში და უნდოდა რომ აქ ჩამოეყვანა და ოპერაცია გაეკეთებინა, რაზეც ოთარმა უარი უთხრა. ამავე ჩვენების მიხედვით, ხაბელაშვილი ყვება, რომ ოთარ მამფორია სტუმრებთან ერთად ხშირად შლიდა თავის საცხოვრებელ სახლში ფულს, ოქროულობას და მათ აჩვენებდა:
”მე გაბრაზებული ვიყავი. ჩემს მეგობარს, ზაზა ლურსმანაშვილს ვუთხარი, რომ გაგვექურდა მისი სახლი. აღნიშნულის შემდეგ ვგეგმავდი როგორ გამექურდა მამფორია”- ნათქვამია მეორე ჩვენებაში. ამ ჩვენებაში ის ყვება, რომ ამის მერე მივიდა ოთარ მამფორიას სახლში, დააკაკუნა კარზე, რომელიც ნონა რომანაძემ გაუღო. მან ითხოვა კომპიუტერით სარგებლობა:
”ნონა წავიდა ყავის მოსადუღებლად. მე ვუთხარი რომ „სკაიპში“ ვერ შევდიოდი. მან მითხრა რომ ის დამესვა კომპიუტერთან და დამეხმარებოდა. როცა დაჯდა, მე ჩავარტყი მუშტი სახეში და ის წაიქცა. ამის შემდეგ ჩავარტყი ვაზა. შემდეგ შევედი სამზარეულოში, ავიღე დანა, გავედი მისაღებში, სადაც კომპიუტერის მაგიდის წინ ის (რომანაძე) დამხვდა უგონოდ. ერთი ფეხით ჩავიმუხლე, მარცხენა ხელი მარჯვენა მხრიდან კისრის არეში ჩავარტყი. ნონა გონზე მოვიდა. მე ავდექი და (დანით) მივაყენე მრავლობითი ჭრილობა კისრისა და ყელის არეში. სამი წლის მარიამმა ამ დროს ბინიდან გასასვლელი კარის სახელურს ხელი მოკიდა და დაიყვირა, დედაო. მე მივედი, ბავშვი შევიყვანე საძინებელში, მასაც რამდენიმე ჭრილობა მივაყენე. ის დაეცა ლოგინზე. შემდეგ ვნახე რომ ნონა რომანაძე ხროტინებდა და მას კისრის და ყელის არეში (კვლავ) მივაყენე მრავლობითი ჭრილობები. დანა ჩავდე იქ, საიდანაც ამოვიღე. აქვე მინდა აღვნიშნო რომ საპირფარეშოში შევნიშნე თეთრი, გამჭირვალე ჭურჭელი. ვიცოდი, რომ იქ იყო ბენზინი და კვალის წაშლის მიზნით გადავწყვიტე ცეცხლი გამეჩინა. მე ოთარს ფულს დავუწვამდი. დავასხი კარადას და თეთრეულს ბენზინი და წავუკიდე ცეცხლი. ამის შემდეგ სასწრაფოდ დავტოვე ბინა. სანამ სახლში მივიდოდი, შარვლის ტოტები და ბოტასები გავირეცხე. მივედი სახლში, სარეცხ მანქანაში შევაგდე ტანსაცმელი. ჩავიცვი ახალი ტანსაცმელი. ჩემმა მეგობარმა გოგომ, ელენემ, არაფერი მითხრა, რადგან იცის, რომ როცა ნასვამი ვარ, აგრესიული ვარ მის მიმართ. ამის შემდეგ მეგობარს, მერაბ შაკიაშვილს მივწერე ”ადნაკლასნიკზე” და ვთხოვე მოსულიყო, რომ დაგველია. შემდეგ დავურეკე შაკიაშვილის დედას და ვკითხე, მშვიდობა იყო თუ არა. მან მაცნობა რომ ოთარ მამფორიას სახლი იყო დამწვარი” – ყვება მეორე ჩვენებაში ხაბელაშვილი, რომელიც ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა და თავად წაიკითხა.
ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული ჩვენებაც წამების შედეგად არის მიცემული და ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ამავე ჩვენებაში ის ასევე ამბობს, რომ ის სისხლიანი შარვალი და მაისური, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა, ჯერ გარეცხა, თუმცა მაინც ეტყობოდა სისხლის კვალი და ამიტომ გადაყარა. ამის შემდეგ გელა მამფორიამ (ოთარ მამფორიას ძმა) დაურეკა და უთხრა, რომ ზაზა ლურსმანაშვილს მასზე ჰქონდა ეჭვი, როგორც მკვლელზე:
”მე უარი ვთქვი და რომ არ შეპარვოდა ჩემში ეჭვი გელა მამფორიას, ვცემე ზაზა ლურსმანაშვილი”- აღნიშნავს ხაბელაშვილი იმავე, (მეორე) ჩვენებაში.
ამის შემდეგ ადვოკატი სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პირდაპირ დაკითხვაზე გადავიდა.
ბრალდებულის განცხადებით, დაკითხვისას ორი გამომძიებელი იყო – ქორაია და ჯამალაშვილი. მისივე თქმით, ერთ-ერთი გამომძიებელი ვიდეოფირზე, კადრში არ ჩანს, რადგან ისე იჯდა, რომ კამერაში არ გამოჩენილიყო და თვითონ წერდა ამ ჩვენებას.
ამის შემდეგ ბრალდებულის დაკითხვა გააგრძელა ბრალდების მხარემ.
ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის მკვლელობამდე საქართველოდან წასვლას აპირებდა, მაგრამ შემდეგ პრობლემების გამო წასვლა ვეღარ მოახერხა.
გიორგი ხაბელაშვილს შეკითხვები ნაფიცმა მსაჯულებმაც დაუსვეს. ისინი დაინტერესდნენ, რატომ შეიძლებოდა ეცრუა ოთარ მამფორიას, რომ ის ოქროს ჯაჭვი, რომელიც ხაბელაშვილს ლომბარდში ჰქონდა ჩაბარებული, მისი იყო. კითხვაზე ბრალდებულმა უპასუხა, რომ შესაძლებელია ოთარ მამფორიას პროკურატურამ დააჯერა, რომ ეს მართლაც მისი ოქროს ჯაჭვია.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, როგორც ”მეტრონომს” ბრალდებულის ადვოკატმა თამაზ კვახაძემ განუცხადა, ხაბელაშვილმა აღიარებითი ჩვენება მაშინ შეცვალა, როდესაც მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს. რაც შეეხება ხაბელაშვილის ბიოლოგიურ მასალას, რომელიც პროკურატურის განცხადებით, ნონა რომანაძის სამზარეულოში ნაპოვნ დანაზე აღმოჩნდა და სწორედ ამ დანიდანაა განხორციელებული მკვლელობა, ადვოკატი ამბობს, რომ ეს ბიოლოგიური მასალა დანაზე განგებაა გადატანილი. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე შეკერილია და ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი უდანაშაულოა:
”მინდა გავამახვილოთ ყურადღება ხაბელაშვილის აღიარებით ჩვენებაზე. ეს ჩვენება როდესაც მიიღო პროკურატურამ 25-26 ივლისს, როდესაც ხაბელაშვილს სახაზინო წესით დაუნიშნეს ადვოკატი, იმ წუთიდან უკვე გადათქვა ჩვენება და თქვა რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა. რაც შეეხება ბიოლოგიურ მასალას, ის არის კანონის დარღვევით მოპოვებული. მოგეხსენებათ, ექსპერტიზას აქვს თავისი ვადა. ექსპერტიზა უნდა გაცემულიყო 30 აპრილს, ამის შემდეგ გავიდა მაისი, ივნისი და ივლისი. ეს გაიცა მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა ჩვენება მისცეს პროკურატურას, რომ გიორგი ხაბელაშვილი ჩაიდენდა დანაშაულს. კიდევ ერთი დეტალი; აღნიშნული ექსპერტიზა დაახლოებით 99 ადამიანს აქვს ჩატარებული. წარდგენილი იყო დაახლოებით 200-ზე მეტი საკვლევი მასალა, ანუ აბსოლუტურად ყველა გამოკითხულისგან ამოღებული იყო ბიოლოგიური მასალა. საინტერესოა, რომ საქმეში გასაიგივებელი მასალა არ ჩანს. შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ბიოლოგიური მასალა გადაიტანონ ამა თუ იმ ნივთზე. ეს ბადებს უამრავ კითხვის ნიშანს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის უტყუარი მტკიცებულება. რაც შეეხება დალომბარდებულ ოქროს, აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. თვითონ გამომძიებელმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ მოუვიდა თითქოსდა შეცდომა და როდესაც ყველაფერი ამოღებული იქნა, – ფულადი თანხა და ოქროულობა, იმის შემდგომ ჩვენ გავიგეთ, რომ ოქრო იყო წაღებულიო. წარმოგიდგენიათ? როცა გამომძიებელი შემთხვევის ადგილზე მიდის, თავდაპირველად უნდა გაიგოს, იყო თუ არა წაღებული რამე. მათ მერე შეიტყვეს, რომ ხაბელაშვილს თავისი პირადობით, პირადი ნივთები ჰქონდა დალომბარდებული. ამის შემდეგ თქვეს, რომ მას თითქოს ოთარ მამფორიას ნივთები ჰქონდა დალომბარდებული” – აღნიშნა თამაზ კვახაძემ.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, როგორც საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განაცხადა, ბრალდებულმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი ვერსია, თუ სად იმყოფებოდა მკვლელობის დღეს:
”ბრალდებულის მეგობარმა გოგონამ დაადასტურა, რომ მკვლელობის დღეს ის (ხაბელაშვილი) იყო გასული სახლიდან. როდესაც ის (ხაბელაშვილი) 24 მარტს პირველად დაიკითხა მოწმის სახით, მან აღნიშნა, რომ დილის საათებიდან მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და სვამდა, თუმცა დღეს განაცხადა, რომ თურმე მარტო იმყოფებოდა სახლში და ეძინა. პროკურორის კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ჩვენებებში აღნიშნული ცვლილება, იგი ვერაფერს ამბობდა, რადგან მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ ხაბელაშვილთან ერთად სვამდნენ არა დილიდან, არამედ – დღის მეორე ნახევარში.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, უშუალოდ ოქროს ნაქურდალ ნივთებს, ოქროს ჯაჭვზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თითქოს აღნიშნული ეკუთვნოდა მის მეგობარს, თუმცა ბრალდების მხარის მიერ პროცესზე წარდგენილი იყო არაერთი ფოტო, რომ აღნიშნული ჯაჭვი ეკუთვნოდა ოთარ მამფორიას და მას ეს ჯაჭვი უკეთია თითქმის ყველა სურათზე. ხოლო დაცვის მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე ფოტოსურათი, ან სხვა რაიმე მსგავსი მტკიცებულება. ხოლო, რაც შეეხება ქორწინების ბეჭედს, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ეს ბეჭედი ეკუთვნოდა მის დას, მაგრამ მან აღნიშნა, რომ მისი და ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, შესაბამისად ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, საიდან ჰქონდა მას ეს ქორწინების ბეჭედი. რაც შეეხება იმას, რომ ბრალდებული აცხადებს, თითქოს აღიარებითი ჩვენებები ზეწოლის შედეგადაა მიღებული, მან ვერ განუმარტა პროკურორს თუ რომელი ნაწილი იყო მისი ნათქვამი და რომელი დააწერინეს ძალით. მას არ შეუძლია გამიჯნოს რა არის სიმართლე და რა -ტყუილი. რაც შეეხება ბიოლოგიური მასალის (დეენემის) თემას, ბრალდებული ვერ ხსნის თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მაინცდამაინც მისი ბიოლოგიური მასალა სკამზე და დანაზე, თუ იგი არ იმყოფებოდა ოთარ მამფორიას სახლში მკვლელობის დღეს. მანამდე კი, მამფორიას დაბადების დღეზე სხვებიც იმყოდებოდნენ, მაგრამ მათი ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩენილა”- განაცხადა პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.
ოჯახის ახლობელმა ნატო ჯიქიძემ ”მეტრონომს” განუცხადა, რომ ნონა რომანაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თავიდანვე ეჭვი გიორგი ხაბელაშვილზე ჰქონდათ:
„ხაბელაშვილი დამნაშავეა“- განაცხადა ოჯახის ახლობელმა ნატო ჯიქიძემ.
მომდევნო პროცესი გაიმართება ხუთშაბათს, 20 აპრილს, სადაც შესაძლებელია, რომ ნაფიცი მსაჯულები მოსათათბირებლად და განაჩენის გამოსატანად გავიდნენ.