თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რეფერენდუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის თაობაზე შესაძლოა კიდევ ერთი პრებისციტი ჩატარდეს, – ინფორმაციას ავრცელებს RT.
ერდოღანმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯაზე, „სასწრაფოდ“ გაესაუბრება პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმს. აღნიშნავენ, რომ ასეთი კანონის დაშვების შემთხვევაში, თურქეთის ევროკავშირში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებები შეწყდება.
რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %–მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.