ახალი ამბები მედია მთავარი

ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძეს: “აქამდე არასოდეს მიფიქრია, რომ თავი თქვენგანაც სათანადოდ უნდა დავიცვა”

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძის გუშინდელ განცხადებას, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უკავშირდება, სოციალურ ქსელში პასუხობს.

“თუ თქვენ თვლით, რომ ჩემი ბრძოლა წაგებულია, მაშინ თქვენი ქცევა გამართლებულია და წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ თქვენს ქცევაში მუდამ არის რაღაც ჩემთვის შეურაცმყოფელი და ისეთი, რაც ჩემი წარმატების შანსს ბევრით არა, მაგრამ მაინც ამცირებს. დარწმუნებული ვარ, რომ მე ჩემს პირობას შევასრულებ. მაგრამ აქამდე არასდროს მიფიქრია, რომ ალბათ თავი თქვენგანაც სათანადოდ უნდა დავიცვა. საინტერესოა თქვენ რას დამითმობდით თქვენი წარმატების და ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში?”- წერს ქიბარ ხალვაში Facebook-ის პირად გვერდზე.

ცნობისთვის, გუშინ ქიბარ ხალვაშმა არ გამორიცხა, რომ დამფუძნებლებს შორის ზეპირი შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს. ჯარჯი აქიმიძე კი ქიბარ ხალვაშის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა:

“ეს განცხადება თითქოს მოულოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კორექტულები ვიყოთ ქიბარ ხალვაშის მიმართ. მით უფრო გაოცებულები ვართ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით მისი გაღიზიანების უკან შეიძლება სხვა რამე დავინახოთ. კერძოდ, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ქიბარ ხალვაში ან მთავრობა ამზადებს ნიადაგს, როგორ დაარღვიოს ის პირობა, რომელიც ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე ჩვენ მოგვცა. “ – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე, ხოლო 7 მარტს კი – განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

ტელეკომპანიაზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. “რუსთავი 2”-ის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და არხის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ცდილობენ.

იტვირთბა....