იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარიდან წმინდა ცეცხლს თბილისში სავარაუდოდ, 23:30 საათზე ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოიტანენ. მას აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.
წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
უფლის აღდგომის ტაძარში მართლმადიდებელთა რწმენით, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:22 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:18 საათზე შევიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ე.წ. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.