რუსეთი აქტიურად ეწევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ხელისშემშლელ პროპაგანდას, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს აქტიურად იქნა გამოყენებული ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტი, მათ შორის, პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანია და კიბერშეტევები. 2014 წელს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისას კიდევ უფრო გააძლიერა პროპაგანდა და დეზინფორმაცია. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს და აქტიურად ეწევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ხელისშემშლელ პროპაგანდას. ამის გარდა, რუსეთის ფედერაციის მიერ გრძელდება საინფორმაციო ომი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებში, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებში, რითიც საფრთხე ექმნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ერთიანობას. რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოების ერთიანობის შესუსტებას, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას და ევროკავშირისა და ნატო-სადმი მხარდაჭერის შემცირებას“, – ნათქვამია კომუნიკაციის სტრატეგიაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებამ დასავლეთის ქვეყნები საპასუხო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის წინაშე დააყენა და დღის წესრიგში დადგა აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელება, რისთვისაც მოხდა როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობის განვითარება. კერძოდ, 2014 წელს რიგაში დაარსდა ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრი; 2015 წელს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსმა ჰიბრიდულ ომზე ახალი სტრატეგია დაამტკიცა; 2015 წელს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში შეიქმნა აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ჯგუფი და დამტკიცდა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა. 2016 წლის ნოემბერში ევროპული პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა რეზოლუცია პროპაგანდის საწინააღმდეგო სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია რუსული პროპაგანდის ძლიერი გავლენა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებზე.
საქართველოს მთავრობამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. 2015 წლიდან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციის სტრუქტურული ერთეულები და გაძლიერდა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ შესაძლებლობები.
ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ სტრატეგია საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა.