თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე. შურისძიების მოტივით ჩადენილი არჩილ მ.-ს მკვლელობისათვის ბრალდებულ ავთანდილ ა.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
ავთანდილ ა.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა. სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით, ბრალდებული ავთანდილ ა. დამნაშავედ სცნო მის მიმართ ბრალად წარდგენილ დანაშაულში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.