NEW LIFE-ის ახალი ინიციატივა ტურიზმის განვითარებისთვის
ავტორი: მანა ნოდია
ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელის, NEW LIFE-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი უკვე ორი თვეა საქართველოს საზღვარგარეთ გაპიარებით არის დაკავებული. კერძოდ, მისი და ფონდის ინიციატივით, საზღვარგარეთ არსებულ პარტნიორ სასტუმროებსა თუ კომპანიებს, საქართველოს შესახებ გამოცემული და დასურათებული წიგნები ურიგდებათ. მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით, მცირერიცხოვან ერებს ტურიზმის განვითარება პრიორიტეტად უნდა ჰქონდეთ ქცეული, ამაში კი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია წვლილის შეტანა.
იდეის დეტალებსა და შინაარსზე მარიამ კუკუნაშვილი „მეტრონომს“ ესაუბრა.
„მეტრონომი“: საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ წიგნების დარიგების იდეა როდის და რასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ?
მარიამ კუკუნაშვილი: New Life-მა ეს იდეა სულ ორი თვეა რაც ჩამოვაყალიბეთ და უკვე განვახორციელეთ. საქმიდან გამომდინარე უცხოეთში ბევრს ვმოგზაურობ და თვალში მხვდებოდა, რომ საქართველოს შესახებ რეკლამა არსად არ არის. ავიაკომპანიებსა თუ სასტუმროებში, სადაც მარკეტინგული სარეკლამო რუბრიკებია, საქართველო არსად შემხვედრია. ამიტომ ჯერ ჩვენი მთავრობის მიმართ გამიჩნდა უკმაყოფილების გრძნობა, თუმცა მერე მივხვდი, რომ სჯობს, ეს ჩვენ თვითონ გავაკეთოთ, სანამ მთავრობას მოვთხოვთ. New Life-ს თვეში რამდენჯერმე უწევს საზღვარგარეთ ვიზიტი და უკვე ორი თვეა, წასვლისას ყოველთვის ვყიდულობთ დასურათებულ წიგნებს საქართველოზე, სადაც აღწერილია ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხისა თუ სამზარეულოს შესახებ. ამ წიგნებს, საზღვარგარეთ ვტოვებთ ჩვენ პარტნიორ სასტუმროებსა თუ კომპანიებში.
– ამ იდეის განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში?
– ამჟამად, ქართულ-ინგლისურ გამოცემას ვარიგებთ, თუმცა, გამომცემლობას გვინდა ვთხოვოთ, სპეციალურად ჩვენთვის შექმნას მხოლოდ ინგლისურენოვანი გამოცემა, ასევე შეცვალოს სახელი და იყოს, მაგალითად, „ქვეყანა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ“, ან სხვა.
ამავდროულად, სასტუმროებთან, რომლებთანაც კორპორატიული ხელშეკრულებები გვაქვს, ვაპირებთ მოლაპარაკებას, რომ წიგნები საქართველოს შესახებ ნომრებშიც დაალაგონ. სამწუხაროდ, ხშირად მაქვს შემთხვევა, როცა არათუ განვითარებად ქვეყნებში, ევროპულ სახელმწიფოებშიც კი პირველად იგებენ საქართველოს შესახებ და „ჯორჯია“ (ანუ, საქართველო) აშშ-ს ერთ-ერთი შტატი ჰგონიათ
– რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ აქტივობებს ქვეყნისთვის?
– ზოგადად, მიიჩნევა, რომ მცირერიცხოვან ქვეყნებს აქვთ ძალიან მცირე საექსპორტო პოტენციალი. ამიტომ მათთვის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით ტურიზმი უმნიშვნელოვანესია. დოლარის კურსი და ეკონომიკიური სიდუხჭირე სწორედ ექსპორტ-იმპორტის ბალანსის დარღვევის ბრალია. ამიტომ, ტურიზმი მნიშვნელოვანია.
მიკვირს, ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის ინტენსიური რეკლამა რატომ არ მიმდინარეობს. მაგალითად, შარშან ტაილანდში მსოფლიო ტურიზმის დღე იყო. სამ სართულზე სხვადასხვა ქვეყანა იყო წარმოდგენილი, მათ შორის- აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ არა -საქართველო. იმედი მაქვს, ამ მხრივ ჩვენ პატარა წვლილს შევიტანთ წიგნების დარიგებით.
– რამდენ ქვეყანაში დაარიგეთ უკვე წიგნები?
– ისრაელში, ტაილანდში, ლაოსში უკვე დავარიგეთ. ახლა მიგვაქვს ესპანეთში, კუბასა და მექსიკაში. ბევრი ფრენების გამო ავიაკომპანიების VIP-ბარათებს ვფლობთ. შესაბამისად, ბარგზე ლიმიტი არ გვაქვს და ერთი დიდი ჩემოდანი წიგნები მიგვაქვს ხოლმე. იგივე აქტივობები შეიძლება ნებისმიერმა ქართველმა განახორციელოს, გამვლელს, ან ერთი-ორ უცხოელ ნაცნობს რომ დაურიგონ წიგნები საქართველოს შესახებ, ესეც დიდი საქმეა.