ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო ზარის ზუსტი თარიღი ცნობილია: მე-12 კლასელებს გაცდენილ დღეებს არ უანგარიშებენ

თუკი მე–12 კლასელები სკოლას გააცდენენ, გაცდენილი საათები მიმდინარე წლის 24 აპრილიდან აღარ იანგარიშება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

“2016-2017 სასწავლო წელს მე-12 კლასელების მიერ 2017 წლის 24 აპრილიდან 19 მაისის ჩათვლით გაცდენები არ იანგარიშება 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით”,– წერია ბრძანებაში.

იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით განისაზღვროს ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის დასრულება, გაცდენები სკოლის მიერ დაითვლება 23 აპრილის ჩათვლით და დაანგარიშდება, ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნი ფორმით პროგრამის დაძლევა.

მოსწავლის მიერ ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის საკითხი მინისტრის ზემოთ ხსენებული ბრძანებით  რეგულირდება, რაც შემდეგს გულისხმობს:

“თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”, – წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

რაც შეეხება მე–12 კლასელებისთვის სწავლის დასრულების თარიღს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები წელს სწავლას 19 მაისს დაასრულებენ.

“საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, (26 მაისი) ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს (19 მაისი)”, – წერია ბრძანებაში.

იტვირთბა....