საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოზე და სწორედ ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
“იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ,,რუსთავი 2”-ის მფლობელების თხოვნა შუალედური ღონისძიების ამოქმედების შესახებ დააკმაყოფილა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ტელეკომპანიამ 3 მარტს მიმართა და კანონით გათვალისწინებული 24 საათის განმავლობაში დადებითი და სასამართლოს პრაქტიკაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.