ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სად გაშენდება მრავალდონიანი ავტოსადგომები: თბილისის მერმა ლოკაციები დაასახელა

“მეტრონომი” საკრებულოდან:

საკრებულოში თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საცობების მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა.

როგორც “მეტრონომის” კორესპონდენტი საკრებულოდან იუწყება, თბილისის მერიის დავალებით, საკონსულტაციო კომპანია – „PWC”-მ ჩაატარა კვლევა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შერჩეულია არანაკლებ 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომისთვის, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით, შერჩეულ იქნა 10 ადგილი. ესენია : რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.

 

გარდა ადგილმდებარეობების შერჩევისა, ანალიზი მოიცავს ბაზრის კვლევას, ტექნიკურ პარამეტრებსა და ბიზნეს მოდელს. სამშენებლო ლოკაციებად, თბილისის მერიის დაკვეთით, ისეთი ტერიტორიები განისაზღვრა, სადაც არ იყო სარეკრეაციო ზონა და გამწვანებული სივრცეები. მრავალდონიანი ავტოსადგომები აშენდება ქალაქში არსებული მოთხოვნებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია და მხოლოდ ერთია მიწის ზედა (მერიასთან), შესაბამისად, მშენებლობა ქალაქის იერსახეზე უარყოფითად არ აისახება.

 

შეგახსენებთ, თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანია  დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.

იტვირთბა....