ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძველი თბილისის ქუჩები საფეხმავლო ზონად გამოცხადდება: დავით ნარმანიამ საკრებულოში პროექტ ,,ახალ ტფილისზე” ისაუბრა

“მეტრონომი” საკრებულოდან:

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წლის პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია.

როგორც “მეტრონომის” კორესპონდენტი საკრებულოდან იუწყება, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რესტავრაცია და ეკონომიკის სტიმულირება-განვითარება.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის მოწყობას. პირველი ეტაპის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ამასთან, დასრულდა ზემო კალას რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს. მიმდინარეობს გუდიაშვილის სახელობის მოედნის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 14 მისამართზე, ასევე, ნარიყალას ისტორიული ციხესიმაგრის რეაბილიტაცია.

„რაც მთავარია, დასრულდა აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე რესტავრაცია-რეაბილიტაცია 47 ისტორიულ შენობას ჩაუტარდა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა ამისა, გამზირის ამ ნაწილში, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. განხორციელდა ისტორიული სადარბაზოების აღდგენა-რესტავრაცია, რაც ასევე, საკმაოდ შრომატევად სამუშაოებს მოიცავს. მიმდინარეობს სარეკრეაციო ზონების მოწყობა და განვითარება. ასევე, იგეგმება აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მერიამ მოსახლეობის თხოვნით და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირების მიზნით, ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ არეალში 8 ქუჩა საფეხმავლო ზონად მოეწყობა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.

შეგახსენებთ, თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანია დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.

იტვირთბა....