ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

“ფრესკოს” ყოფილი თანამშრომლები გასახდელში ვიდეოთვალთვალზე საუბრობენ

სუპერმარკეტების ქსელ ”ფრესკოს” ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია მათ გასახდელებში ფარულად უთვალთვალებდა.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ გასახდელებში დამონტაჟებულია ფარული ვიდეოკამერები, სადაც აკვირდებიან, როგორ იცვლიან თანამშრომლები ტანსაცმელს. მათი თქმით, ფარული კამერები მხოლოდ ქალების გასახდელშია დამონტაჟებული.

როგორც დასაქმებულები აცხადებენ, ამას „ფრესკოს“ ადმინისტრაცია იმით ხსნის, რომ აკვირდებიან, ხომ არ იპარავენ თანამშრომლები პროდუქციას და აცვიათ თუ არა უნიფორმა.

დღეს, 11 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ოფისში გაიმართა, აჩვენეს ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ ამ კამერებზე წვდომა აქვთ დაცვის უფროს დავით ბულიას და მის მოადგილეს, ალექსანდრე ქაჩიბაიას. თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ გასახდელში ყოფნის დროს ესმოდათ სიცილის ხმები დაცვის ოთახიდან.

მარიამ ლაშხია, რომელიც, ვარკეთილის ფილიალში მუშაობდა, ამბობს, რომ ფრესკოს ყველა ფილიალის გასახდელში აკვირდებიან

„ფრესკოს ყველა ქსელში, გასახდელ ოთახებში ვიდეო თვალთვალი მიმდინარეობდა.ამ ოთახში შესვლა შეუძლიათ მამაკაცებს, ადმისტრაციის ნებისმიერ წევრს, რაც პირდაპირ მიუთითებს სექსუალური შევიწროების ფაქტზე. ყველაზე ხშირად მონიტორინგის ოთახში შესვლა შეეძლო დაცვის უფროს დავით ბულიას და მის მოადგილე ალექსანდრე ქაჩიბაიას. რამდენდაც ჩვენთვის ცნობილია, მათი ადგილზე არ ყოფნის დროს მონიტორინგი ხორციელდებოდა საცხოვრებელი ადგილიდანაც. როდესაც ვსვამდით კითხვას, რატომ იყო აუცილებელი ვიდეოთვალთვალი, მათი პასუხი იყო, რომ ხშირად ხდებოდა ქურდობა, როგორც ერთმანეთში, ასევე იყო შესაძლებელი, რომ რაღაც პროდუქცია მოგვეპარა”, – ამბობს მარიამ ლაშხია.

მარიამის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ დაცვის ყოფილ ქალ თანამშრომელს სექსუალურად ავიწროებდა დავით ბულია.

მარიამ ლაშხია ამბობს, რომ ისინი ვიდეოთვალთვალის გამო პროტესტს გამოთქვამდნენ, თუმცა ადმინისტრაცია პასუხობდა, რომ თუ არ მოსწონდათ, შეეძლოთ წასულიყვნენ.
ვარკეთილის ფილიალის ყოფილი თანამშრომელი ნანა მდივანი ამბობს:

„ჩვენ ამას შეგეუბული ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი გვქონდა, ვერ ვიღებდით პასუხს, რისთვის იყო საჭირო ეს ვიდეოკამერები. დღეს ვიწყებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის, სრულყოფილი შრომითი პირობებისთვის. არსებობს შიშის ფაქტორი სამსახურის დაკარგვის. ჩვენც იმიტომ ვდუმდით აქამდე, რომ არ დაგვეკარგა სამსახური. ვართ სტუდენტები, ჩვენს უკან უამრავი რამ დგას. არ შეგვეძლო ასე დაგვეტოვებინა სამსახური და წამოვსულიყავით. ანალოგიურად, იმავე სიტუაციაში არიან სხვა თანამშრომლები”.

მდივანი ამბობს, რომ სანამ წამოვიდოდა ფრესკოდან, მენეჯერმაც უთხრა, მათ, რომ სახლიდან უნდა ეკონტროლებინა კვირა დღეს.

“მენეჯერი კვირა დღეს არ მუშაობს. შესაბამისად, დაცვაც გვეუბნებოდა, რომ თქვენ ახლა მენეჯერი გიყურებთ, წესიერად მოიქეცით. სახლიდან ჰქონდა წვდომა ყველა გასახდელის, ამას ჩვენ გვეუბნებოდნენ”, – ამბობს ნანა მდივანი.

პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ისინი პროკურატურას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართავენ, რომ ეს საკითხი შეისწავლონ და გამოიძიონ.

სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოში” ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ და მათ საპასუხო განცხადებას მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში გაგვაცნობენ, რასაც შესაბამისად შემოგთავაზებთ.

netgazeti.ge

იტვირთბა....