აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

შსს „მეტრონომს“ პასუხობს: შეუძლია თუ არა მოქალაქეს ჩართოს ვიდეოთვალი, თუკი მას პოლიცია ჩხრეკს

ავტორი: მანა ნოდია

ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციისთვის ბოლო პერიოდში გახმაურებული დაკავებების გამო, რომელთა შორის პრეზიდენტის ოჯახის სამეგობროც შედის, „მეტრონომმა“ გადაწყვიტა შსს-სგან მიეღო განმარტებები, რამდენად დაცულია მოქალაქე პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში. საკითხი განსაკუთრებით საინტერესო გახდა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას მოწმეები არ უნდა ესწრებოდნენ, ხოლო მოქალაქეს, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო, ამის მტკიცებულება უნდა ჰქონდეს.

როგორ მოიპოვოს მოქალაქემ მტკიცებულება საკუთარი უდანაშაულობის შესახებ, თუ პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას მოწმეები არ ესწრებიან? შსს-ს ამასთან დაკავშირებული კითხვებით მივმართეთ, რომლებზეც პასუხებს უცვლელად გთავაზობთ.

„მეტრონომი“: მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ჩხრეკისას სავალდებულო არ არის მოწმეების დასწრება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს რა ბერკეტს უტოვებს შსს, რომ დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა (თუკი მსგავსი რამ იარსებებს)?

შსს: პირადი ჩხრეკის, როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, წესი დგინდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლით. კერძოდ, კი:

პროკურორს, გამომძიებელს, დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება აქვთ, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში − გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, პირადი ჩხრეკით ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში.

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი, ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომლის მიმართაც ტარდება ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით.

გამომძიებელს უფლება აქვს, ჩხრეკის ადგილზე მყოფ, ან იქ მისულ პირებს ჩხრეკის დამთავრებამდე აუკრძალოს წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა, რაც აღინიშნება ოქმში.

განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილების წარდგენის შემდეგ გამომძიებელი პირს, რომლის მიმართაც ტარდება ჩხრეკა, სთავაზობს ამოსაღები საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემას. ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში, ხოლო მის ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის, ან მისი არასრულად გადაცემის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით.

ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ასევე ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის, ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

ჩხრეკის, ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და,  შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა,  აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის ამოღებაც ხდება მისი შინაარსის გამო.

შეუძლია თუ არა მოქალაქეს ჩართოს ვიდეოთვალი ჩხრეკის დაწყებისას და ასევე, დაისწროს მოწმედ მესამე პირი (მაგალითად, გამვლელი პირი)?

– აღნიშნული საკითხი საქართველოს კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული.

აქვს თუ არა პოლიციელს უფლება უარი უთხრას მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ვიდეოგადაღებაზე ან მოწმის დასწრებაზე და რა შემთხვევაში?

– აღნიშნული საკითხი საქართველოს კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული.

ყველა პოლიციელს აქვს თუ არა ვიდეოთვალი სპეცოპერაციის, ან სხვა ქმედების გახორციელებისას უწყვეტ რეჟიმში ჩართული და  მიმდინარეობს თუ არა მონიტორინგი, რამდენად სწორად ხდება პროცესის გადაღება? თუ აღმოჩნდება, რომ  პროცესი უწყვეტად გადაღებული არ არის, რა საჯარიმო სანქციები აქვს შსს?

– ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკის გამოყენების სავალდებულოობა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დადგენილია მხოლოდ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას. სხვა ყველა შემთხვევაში ვიდეოჩანაწერის წარმოება განეკუთვნება პოლიციელის დისკრეციას. პოლიციელის მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პოლიციელს შეეფარდება დისციპლინური წესდებით განსაზღვრული სახდელი.

თუ მოქალაქე თვლის, რომ დაირღვა პირადი გამოკითხვის ჩატარების წესი, მას აქვს უფლება მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (ცხელი ხაზი: 126).

 

„მეტრონომმა“ შსს-სთან ერთად ამ თემაზე იურისტ გელა ნიკოლეიშვილსაც მიმართა. იურისტი გელა ნიკოლეიშვილი „მეტრონომთან“ განმარტავს, თუ რა ბერკეტები არსებობს ამ შემთხვევაში მოქალაქისთვის, რომ მან თავი დაიცვას. თუმცა ის აღიარებს, რომ არსებული კანონმდებლობა პოლიციელს აძლევს საშუალებას სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს და პირს  ნარკოტიკი, ან იარაღი ჩაუდოს:

იურისტი „მეტრონომთან“: როგორ უნდა დაამტკიცოს მოქალაქემ, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო 

იტვირთბა....