სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია 4 მსხვილ სავაჭრო ქსელში გადახდის ქვითრებზე განთავსდება:
“სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით არსებული „ფუდმარტის“, „იოლის“, „სპარის“ და „ორი ნაბიჯის“ სავაჭრო ობიექტებში გადახდის ქვითრის უკანა მხარეს მითითებული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზის ნომერი – 15 01. მომხმარებელს, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის სტანდარტის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს აღნიშნულ ნომერზე და დატოვოს შეტყობინება. აქცია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად მომხმარებლის ჩართულობის გაზრდას ისახავს.
მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდის კამპანიას სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ახორციელებს.”-ნათქვამია განცხადებაში.