მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა, – ამის შესახებ ბრლადებულის ადვოკატმა განაცხადა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა ექიმებისა და ციხის ადმინისტრაციის თხოვნით შეწყვიტა. დეკანოზი გიორგი მამალაძე გადასხმებს იკეთებს.
ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის გადაწყვეტილებაზე იმ ინფორმაციამაც იმოქმედა, რომ მას საპატრიარქოს წარმომადგენლები მოინახულებენ. ცნობილი გახდა, რომ დღეს, დეკანოზს მამა რევაზ სიხარულიძე მონახულებს.
როგორც მამა რევაზ სიხარულიძემ აღნიშნა, ის მამა გიორგისგან აღსარებას ჩაიბარებს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.