https://youtu.be/rCm2phsL1dU
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ერთხმად მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტი თამბაქოს წარმოებისა და მისი მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან აცილებისკენ მიმართულ კონკრეტულ შემზღუდველ ნორმებს ითვალისწინებს.
კანონპროექტით შემოთავაზებული ძირითადი ცვლილებებია:
2018 წლის 1 იანვრიდან თამბქოს მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა;
თამბაქოს მოწევის აკრძალვა ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე;
თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვა;
თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა;
თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანა;
ელექტრონული სიგარეტების რეგულირება;
საცალო გაყიდვის აკრძალვა ინტერნეტით და ფოსტით;
გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია:
თამბაქოთი გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილიანობის შემცირება;
თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება.
შემოთავაზებული კანონპროექტის ამოცანებია:
თამბაქოს მოხმარების გავრცელების ზრდის შეჩერება და თანდათანობითი შემცირება;
მოწევის დაწყების მაჩვენებლის შემცირება;
საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან;
მოწევის შეწყვეტის მსურველთა ხელშეწყობა თავი დაანებონ მოწევას და მწეველების ხელშეწყობა გაუჩნდეთ ძლიერი მოტივაცია თავი დაანებონ მოწევას.
„მეტრონომი“ დაინტერესდა საზოგადოების პოზიციით და მათ კითხვით – „ უნდა აიკრძალოს თუ არა თამბქოს მოწევა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა?“ ასევე, – „უნდა მოქმედებდეს თუ არა გარკვეული რეგულაციები ელექტრონულ სიგარეტზე?“
როგორც გაირკვა, 100 გამოკითხულიდან უმრავლესობა, ანუ 70%, „მეტრონომთან“ ეთანხმება სიგარეტის მოწევის აკრძალვას ყველა ტიპის დახურულ დაწესებულებაში, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მოწევა ყველა ადამიანის უფლებაა, თუმცა არამწეველებმა სიგარეტის კვამლი არ უნდა ისუნთქონ და მწეველებმა მათი ჯანმრთელობა არ უნდა დააზიანონ.
გამოკითხულთა 15% თვლის, რომ მოწევა უნდა აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგრამ უნდა არსებობდეს გამოყოფილი სივრცე, სადაც მწეველებს შეეძლებათ თამბაქოს მოხმარება.
ასევე, გამოკითხულთა 15% თვლის, რომ მოწევა აუცილებლად უნდა აიკრძალოს არა მარტო ყველა ტიპის დაწესებულებაში, არამედ საერთოდ.
ვიდეოში წარმოდგენილია გამოკითხულთა მცირე ნაწილი.
ავტორი: ნინო ცხადაია