შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იმ მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს გამოწერილი, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც რამიშვილმა საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლისას აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
”ნამდვილად შიმშილობს, არის სუსტად და რომ შეხედავ, წონაშიც აქვს დაკლებული. მასთან შედის ყოველდღიურად დოკუმენტი, რომელსაც აწერს ხელს, რომ საკვებზე უარს ამბობს და იღებს მხოლოდ წყალს. მან ჩემს თვალწინ მოაწერა ხელი მედიკამენტების მიღებაზე უარს. უარს ამბობს იმ მედიკამენტების მიღებაზე, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს დანიშნული”, – განაცხადა რამიშვილმა.
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ 4 აპრილს შიმშილობა დაიწყო. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, მისი მთავარი მოთხოვნაა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა.