საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტატია, რომელიც www.politico.com-ზე გამოქვეყნდა
ნათელია, რა ხდება მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტი თვალს ხუჭავს პუტინის ქმედებებზე. ასეთი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო.
რთულია, უბრალო აკადემიური ინტერესით ადევნო თვალი ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ინტერვენციის შესახებ ამჟამად მიმდინარე დებატებს, მით უფრო, როცა რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი თავდასხმა და შევიწროვება საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი. 2004–დან 2013 წლამდე, ჩემი საპრეზიდენტო მოღვაწეობის განმავლობაში, უშუალო მომსწრე ვიყავი იმ დამოკიდებულებისა, რასაც რუსეთი მეზობლების მიმართ იჩენდა. ახლა კი, ამერიკა მცირე დოზით უსინჯავს გემოს იმ გამოცდილებას, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა უკვე გამოიარეს.
ეს ყოველივე მოვლენათა მკვეთრი შემობრუნებაა, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, ამერიკის მიერ გადადგმულმა თითოეულმა ნაბიჯმა პირდაპირი გავლენა იქონია პოსტსაბჭოთა ქვეყნების კეთილდღეობაზე და უფრო მეტიც, მათ არსებობაზე რუსეთის მეზობლად.
2008 წლის აგვისტოში, რუსული ჯარები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქის, თბილისის, მიმართულებით დაიძრნენ, შეაჩერა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის რატომღაც დაგვიანებულმა, თუმცა გავლენიანმა ჩარევამ. რუსეთისთვის ნათელი გახდა ის ფაქტი, რომ ვაშინგტონი საქართველოს სრულ ოკუპაციას და მისი დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის დამხობას არ დაუშვებდა.
პრეზიდენტმა ბუშმა, საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, ამერიკის მეექვსე ფლოტის რამდენიმე გემი გამოგზავნა. ამავდროულად, მოსკოვისთვის ეს იყო ცალსახა სიგნალი: არ გაბედო! როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ მეექვსე ფლოტისთვის ბიუროკრატიული დაბრკოლებების შექმნა სცადა, რათა მას ვერ მოეხერხებინა ბოსფორის სრუტის გადალახვა, მეთაურმა მას განუცხადა, რომ დოკუმენტებით თუ მათ გარეშე, ის გზას მაინც განაგრძობდა, რადგან ეს ამერიკის პრეზიდენტის ბრძანება იყო. მე ვფიქრობ, რომ ბუშის გაბედულმა ქმედებებმა ქართული სახელმწიფო სრული განადაგურებისაგან იხსნა და ამასთანავე, აღადგინა ამერიკის შეერთებული შტატების სანდოობა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაბედა (გარისკა) შეჭრილიყო პროამერიკული მეზობლის ტერიტორიაზე. კრემლის დიქატატორისთვის, ვლადიმერ პუტინისათვის, ეს ნამდვილად ძალიან ხმამაღალი და მკაფიო მესიჯი იყო.
ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, თავიდანვე, ბუშისაგან აბსოლუტურად განსხვავებულად მოიქცა. ამერიკის ხელისუფლებამ ყველასთვის გასაგები გახადა, რომ იგი აღარ გაიმეორებდა იმ ქმედებებს, როგორსაც ბუში 2008 წელს მიმართავდა. ახალ ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე ქართული მხარის პროვოკაციამ გამოიწვია, რაც მიზნად ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯონ მაკკეინის გამარჯვებას ისახავდა. ობამას ადმინისტრაცია, პირველივე დღიდან, რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს მოსკოვის თვალით აკვირდებოდა. მაგალითად, მათ საქართველოსთვის იარაღზე დე ფაქტო ემბარგო დააწესეს და 2009 წლის მარტში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა, სცადეს ურთიერთობის განახლება იმ მცდარი იმედით, რომ კრემლი უფრო კოოპერატიული გახდებოდა. ამ მდგომარეობის შემყურე ერთ–ერთმა, ასევე რუსეთის მეზობელი ქვეყნის ლიდერმა მითხრა, რომ ჰქონდა შეგრძნება, თითქოს ეს ორი სახელმწიფო ჩვენს თავიდან მოცილებას ცდილობდა ისე, თითქოს რომელიმე უსიამოვნო მწერი ვყოფილიყავით.
ეს მადემორალიზებელი ეფექტი მთელს რეგიონზე აისახა. და მე მინდა განვაცხადო, რომ ეს გახდა რუსეთის გარშემო არსებული პროდასავლური მთავრობების მარცხის მიზეზი, რამაც ძალაუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩი კიევში და ჩემი მონაცვლე, გაზპრომის აქციების ყველაზე დიდი წილის მფლობელი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სათავეში მოიყვანა. იმ დროისათვის ობამას ადმინისტრაციაში პუტინის გაბრაზების შიშმა აბსურდულ სიმაღლეებს მიაღწია. მაგალითად, როდესაც აშშ–მა ავღანეთში ახალი სამხედრო ძალების მობილიზება გამოაცხადა და როცა ამერიკის სხვა მოკავშირეები ფრთხილობდნენ ახალი ვალდებულებების აღებას ომში, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მეტად საშიში და ნაკლებად პოპულარული ხდებოდა – ჩემმა მთავრობამ აშშ-ს სრული ქართული ბრიგადის გაგზავნა შესთავაზა. აშშ-ს ადმინისტრაციამ ჩვენს შეთავაზებაზე უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ მოსკოვის უფრო მეტად გაღიზიანება არ უნდოდა. გენერალ პეტრეუსს თითქმის ორი წელი და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა თეთრი სახლის დასარწმუნებლად, რომ ისინი დახმარებას ძლიერ საჭიროებდნენ.
ობამას ადმინისტრაცია უკიდურესად გაოცდა, როდესაც რუსეთმა დაიწყო უკრაინის, ოდესღაც ამერიკის იმედზე მყოფი მოკავშირის, ინტერვენცია. ამ პროცესების დროს უკრაინელმა ლიდერებმა მითხრეს, რომ ერთადერთი რეაქცია, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით მდივან ჯონ კერის და სხვა ამერიკელ თანამოსაუბრეებს ჰქონდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმის მტკიცება იყო, რომ კიევში მთავრობას რუსეთის პროვოცირება არ უნდა მოეხდინა და მკაცრად მოუწოდებდნენ უკრაინელებს, არ გამოეყენებინათ ძალა მათ წინააღმდეგ. ყირიმის ანექსირება შეუფერხებლად განხორციელდა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინას რუსეთისათვის ძლიერი წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი ძალა ჰქონდა. შედეგად, რუსეთმა გაბედა და გააკეთა ის, რასაც მე და სხვა მრავალი დამკვირვებელი ველოდით. რუსეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები დონბასში, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში. ობამას ადმინისტრაცია ისევ და ისევ ჯიუტობდა და თავს იკავებდა. მათ უარი განაცხადეს, უკრაინისათვის თავდაცვითი ანტისატანკო იარაღი მიეწოდებინათ. მათი ყოყმანი კატალიზატორი გახდა რუსეთის უფრო გადამჭრელი მოქმედებებისათვის, ვინაიდან მას ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო დარტყმის აღარ ეშინოდა.
პრეზიდენტ ობამას ზოგიერთი განცხადება არ იყო დამაიმედებელი. ის უკრაინაზე კითხვის დასმისას, ყოველთვის პასუხობდა, რომ აშშ დაიცავდა ნატო-ში თავის მოკავშირეებს. რუსულმა მხარემ ეს კომენტარი სწორედ ისე აღიქვა, როგორც ამერიკის მიერ სურვილის არქონა, რომ დაეცვა უკრაინა, რომელმაც ჯერ ვერ მოახერხა ნატო-ში გაწევრიანება. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ობამამ მკაფიო გახადა ეს წითელი ხაზი, განსაკუთრებით „The Atlantic Month“-თან ინტერვიუში, როცა მან ფაქტობრივად თქვა, რომ ამერიკა უკრაინის გამო არასდროს დაიწყებდა რუსეთთან ომს. „მაგრამ ეს არის მაგალითი იმის, რომ მკაფიოდ უნდა გამოვკვეთოთ ჩვენი ძირითადი ინტერესები და ის, რისთვისაც მზად ვართ, წავიდეთ ომში და დღის ბოლოს ყოველთვის იარსებებს რაღაც გაურკვევლობა,“ – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ქვეყნის პირველი პირის და არა რომელიმე ჩვეულებრივი მოქალაქის განაცხადი. ამ მესიჯით რუსეთისთვის აშკარა გახდა – ამერიკა მხარს არ დაუჭერდა უკრაინას. ზოგიერთი ქმედება, რომელიც ობამამ რუსეთის მიმართ განახორციელა, განსაკუთრებით სანქციები, სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ ეს ყველაზე მცირე რამ იყო, რისი გაკეთებაც მას შეეძლო. ამასთანავე, ყველაფერი დაგვიანებით მოხდა. საბოლოოდ, ობამამ უკან, ყოფილი საბჭოთა კავშირისკენ დაიხია და მისი მოღვაწეობის პერიოდი, მსოფლიოს ჩემს ნაწილში, დიდწილად ამერიკის პრესტიჟის დაკნინებით დაასრულა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი? ზოგიერთი, მისი ერთი შეხედვით, პრორუსული განცხადება შეეხო ჩვენს ქვეყნებსაც, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველა ვიცნობთ რეალობას, როცა დიდ ქვეყნებს ყოველთვის შესწევთ ძალა ერთმანეთის ხარჯზე, მცირე ზომის ქვეყნებს გაუმკლავდნენ.
მაგრამ მე მაქვს პირადი გამოცდილება ტრამპთან დაკავშირებით. 2008 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი თავს მარიდებდა იმის გამო, რომ არ გაფუჭებოდათ ურთიერთობა პუტინთან. ასევე იქცეოდა ძალიან ბევრი ბიზნესმენი. ყველა, ვინც ინვესტიციას ეწეოდა საქართველოში, რისკავდა იმ ფასად, რომ შეიძლებოდა პუტინს მათთვის რუსეთში ფულის შოვნის საშუალება აღარ მიეცა. 2009 წელს ტრამპიც ამავე დილემის წინაშე იდგა. მას ჰქონდა არჩევანი, ინვესტიცია დაებანდებინა ან რუსეთში, ან საქართველოში. რუსეთისგან დიდი ანაზღაურება ელოდა, ხოლო საქართველო მისთვის მიმზიდველი იყო თავისი უსაფრთხოებით, კორუფციის არარსებობით და იმით, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ტრამპმა, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა საპრეზიდენტო ამბიციები, აირჩია საქართველო და ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე არასდროს აღმომიჩენია ტრამპში რაიმე სისუსტე რუსეთთან მიმართებაში, საუბრისას ჩემთვის ცხადი იყო მისი სკეპტიკური განწყობა კორუფციისა და რუსეთის წითელი ხაზის მიმართ.
რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები მოითხოვს პასუხებს იმის თაობაზე, ასაიდუმლოებს თუ არა ვინმე თავის ბანაკში მოსკოვთან კავშირს. თუმცა, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით მჯერა, რომ ტრამპის გარშემო შეთქმულების თეორიები ტრიალებს. უდავოა ის ფაქტი, რომ ტრამპის წინამორბედის სისუსტემ და გაურკვეველმა დამოკიდებულებამ პუტინის მიმართ, მსოფლიოს ნაწილისთვის მძიმე შედეგები მოიტანა.
როდის აპირებთ, ამერიკელებო, ამ ყველაფრის შესწავლას? გაანალიზებას?
თარგმანი: blogmedia.ge