აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

რას შეცვლის მართვის 100-ქულიანი სისტემა: “მეტრონომთან” სპეციალისტი საუბრობს

რამდენიმე თვეში საგზაო მოძრაობის ახალი, 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, ურჩ მძღოლებს, ქულათა ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ. უფრო ზუსტად, ამ ეტაპზე წარმოდგენილ კანონპროექტში, რომლის დაზუსტებაც კვლავ მიმდინარეობს, ნათქვამია:

თუ მართვის მოწმობის მფლობელს 100 ქულა გაუნულდება, მას მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა და გამოცდის თავიდან ჩაბარება მოუწევს;

ღვედის გარეშე მოძრაობა 5 ქულით ჯარიმდება;

საჭესთან მობილური ტელეფონით საუბარი – 10 ქულით;

ზებრა გადასასვლელზე დარღვევით მოძრაობა 10 ქულით ჯარიმდება;

შუა ქუჩაზე პარკირება -20 ქულით;

ავტომობილის სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობა 30 ქულით დაჯარიმდება;

თუ მძღოლი დასაშვებ სიჩქარეს 40-ით გადააჭარბებს, 20 ქულა ჩამოეჭრება, ნაკლები სიჩქარით გადაჭარბების შემთხვევაში კი – 10 ქულით დაჯარიმდება;

თუ მძღოლი საკუთარ ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების მქონე სხვა პირს ათხოვებს, მძღოლს 30 ქულის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება;

ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი თუ საკუთარ ავტომობილს მართავს მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა და მისი აღების შანსი მხოლოდ სამ თვის შემდეგ ექნება…

კანონპროექტზე მუშაობა კვლავ გრძელდება, მანამდე კი „მეტრონომთან“  საკრებულოს დეპუტატი დამოუკიდებელი ფრაქციიდან  „დედაქალაქი“,  შალვა ოგბაიძე საუბრობს და მართვის მოწმობის ახალ სისტემას აფასებს.

„მეტრონომი“: ბატონო შალვა, მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შევაფასოთ, რამდენად ეფექტური იქნება მისი ამოქმედება?

შალვა ოგბაიძე: ძალიან კარგია რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემა აქტუალურია, მაგრამ, ხანდახან, იმაზე მეტ მოლოდინს ვიჩენთ, ვიდრე საჭიროა-თითქოს რაღაც პანაცეა იყოს.  კანონის გამკაცრება და რეგულაციის დახვეწა აუცილებელია, მათ შორის, ეს 100  ქულიანი სისტემა ურჩი მძღოლებისთვის ცივი შხაპი იქნება, რადგან  ისინი ჯარიმებს არაფრად დაგიდევენ და რამდენსაც გამოუწერ, იმდენს იხდიან. ფაქტობრივად, ფულით ყიდულობენ დარღვევით სიარულის ნებართვას. მაგრამ, საზოგადოება რატომ უნდა ელოდებოდეს ხვალ უფრო მკაცრად როგორ დასჯიან? რატომ ველით სამი თვის მერე ამ კანონის ამოქმედებას? უკვე ჩავთვალოთ რომ  ნებისმიერი დარღვევა შეიძლება ავარიის  და შესაბამისად, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების მიზეზი გახდეს. სტატისტიკა კი ამასთან დაკავშირებით საგანგაშოა.

100 ქულის ამოწურვის შემთხვევაში მძღოლს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და გამოცდის თავიდან ჩაბარება მოუწევს. მაგალითად,  ღვედის გარეშე მოძრაობისთვის გათვალისწინებულია 5 ქულა. რამდენად სწორია?

-თუ დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ღვედისთვის 50 ქულის მინიჭება ამ პრობლემას  აღმოფხვრიდა, მხარს დავუჭერდი. მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ-ნებისმიერი ქმედება იმ შედეგის ადეკვატური უნდა იყოს, რაც შეიძლება დადგეს. ქულების ამოწურვის შემთხვევაში მომხრე ვარ მძღოლს თავიდან მოუწიოს გამოცდის ჩაბარება და თან პრაქტიკული მეთოდით-ქალაქში გასვლით. 100 ქულიანი სისტემით სულ 4-5 ტიპის დარღევა საკმარისია, რომ მძღოლს შეუჩერდეს მართვის მოწმობა.

-ყველაზე მაღალი, 30  ქულა ამ სისტემაში ალკოჰოლური ზემოქედების ქვეშ მყოფი ადამიანისთვის ავტომობილის თხოვებას აქვს.

-და არა მხოლოდ ყველაზე მაღალი ქულა- თითქმის მესამედი ამ საჯარიმო ქულების კრედიტიდან, არამედ თავად მძღოლს, თუ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დაჯდება საჭესთან,  მართვის მოწმობა ჩამოერთმევა და სამ თვეზე ადრე  შეწყალების არანაირი მექანიზმი არ ექნება.

-შესაბამისად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს სისტემა ურჩი მძღოლებისთვის იმუშავებს?

-შედეგზე შეიძლება იმის შემდეგ ვისაუბროთ, როცა ავარიების დინამიკა შემცირდება და იმედია, არათუ შემცირდება, არამედ ამის შემდეგ აღარავინ  დაიღუპება. ეს მიზანი კი სამოქალაქო სექტორის და ხელისუფლების პარტნიორობით მიიღწევა. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. თითოეული ჩვენგანი, საჭეს რომ მივუსხდებით,  ტვინს ძალა უნდა დავატანოთ და დავფიქრდეთ, ნასვამ მდგომარეობაში მართვას რა შედეგის მოტანა შეუძლია.

-და ბოლოს, რა აკლია მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემას, რის ხილვას ისურვებდით კანონპროექტში?

-კანონპროექტის პირველივე მოსმენისას ერთ-ერთ საკითხად დავაყენე, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გავიდა, მაგრამ არ შევეშვები-უადგილო ადგილზე ავტომობილის პარკირების თემა. თუკი ავტომობილი დგას ისეთ ადგილზე, რომ წარმოშობს საცობს, ან ზღუდავს შშმ პირის გადაადგილებას, ან -ადამიანებს ტროტუარზე გადაადგილებას, ეს განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა ისჯებოდეს. კანონპროექტში ამის ხილვას ვისურვებდი.

მანა ნოდია

იტვირთბა....