„ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დაკავებულმა გურამ რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
რჩეულიშვილს ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
გურამ რჩეულიშვილს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა, ასევე ამავე განჩინებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის მოწმობა. გირაოს თანხა მან 10 დღეში უნდა გადაიხადოს.
“ამ დღეებში ველოდი, დღეს ცოტა სიურპრიზი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ 12-მდე უნდა გავეშვი.
ჩემს მიმართ რა ბრალდებაც იყო აბსურდულია და ეს შემიძლია იურიდიულადაც ჩამოვაყალიბო და მორალურადაც აბსურდულია. რაც შეეხება დედაჩემს და დეიდაჩემს, არ უნდა იმყოფებოდნენ პატიმრობაში.
არ ვიცი პოლიტიკურ კონტექსტს რას დავარქმევთ, შეიძლება რაღაც შოუს ნაწილი იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკურს მე ამ საქმეს ვერ ვხედავ. უფრო ვხედავ როგორც რეპრესიას ოჯახის მიმართ.
რისგან არის ეს რეპრესია გამოწვეული არ ვიცი, იმისთვის, რომ მოიგონ ვიღაცის გული თუ სამართლიანობა აღადგინონ. იმიტომ, რომ სამართლიანობა დედაჩემის და რუსოს ციხეში ყოფნით არ აღდგება.
მინდა საერთოდ ვთქვა, რომ თუ არ გადავფურცლეთ და ახალი ფურცლიდან არ დავიწყეთ ურთიერთობა, მაშინ ვერ დაზარალებულები ვერ დაკმაყოფილდებიან, ფიზიკურად ვერ მოხდება დედაჩემის არყოფნის გარეშე და არც მოხდება, მაგის პირობას მე ვდებ.
ყველა ერთად უნდა დავსხდეთ, მივიდეთ რაღაც გადაწყვეტილებამდე, რაც ყველასთვის მისაღებია,“-განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს, ასევე ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი.
თაღლითობისა და თანხების მითვისების ეპიზოდებზე გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა“ თაბუკაშვილი 88-ის“ კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.