ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თანამდებობის პირები, რომელთა ანაზღაურება თვეში 10 ათას ლარს აჭარბებს

გთავაზობთ იმ უწყებების არასრულ ჩამონათვალს, სადაც ხელმძღვანელი პირების სახელფასო ანაზღაურება თვეში 10 ათას ლარს აჭარბებს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ 2016 წლის განმავლობაში თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 33 687.5 ლარს უტოლდება. ეს ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიურომ მოგვაწოდა. საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს მიერ დაარსებული ფონდია.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სულხან ზუმბურიძემ, თავისი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში 326 603 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 27 216 ლარია. სახელმწიფო ელექტროსისტემაც სახელმწიფო კომპანიაა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის 2016 წლის 6 ივლისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება 255 425 ლარია, რაც თვეში საშუალოდ 21 285 ლარს აღწევს.

კომისიის კიდევ ერთი წევრის, ელისო ასანიძის წლიური ანაზღაურება, 2016 წლის 27 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს 187 203 ლარი იყო, რაც თვეში საშუალოდ 15 600 ლარია. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის ანაზღაურების სახით აღებული აქვს 36 705 ლარი. ასანიძეს 2017 წელს შევსებული არ აქვს დეკლარაცია.

კომისიის კიდევ ერთ წევრს, კახა ბექაურს კომისიის თავმჯდომარეზე მეტი ანაზღაურება აქვს აღებული 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება 242 685 ლარია, რაც თვეში საშუალოდ 20 223 ლარია.

კომუნიკაციების კომისიის სხვა წევრს, გიორგი ფრუიძეს, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, 181 206.90 ლარი აქვს აღებული, რაც თვეში საშუალოდ 15 100 ლარია. კომისიის კიდევ ერთ წევრს, მერაბ ქათამაძეს, დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს აღებული აქვს 168 069 ლარი, რაც თვეში 14 005 ლარია.

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, მამუკა ბახტაძეს, 2017 წლის 30 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში 220 474 ლარი აქვს მიღებული, რაც საშუალოდ თვეში 18 373 ლარია. საქართველოს რკინიგზის 100% მფლობელი სახელმწიფოა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, დავით თვალაბეიშვილს 2016 წლის განმავლობაში 212 500 ლარი აქვს აღებული, რაც თვეში საშუალოდ 17 708 ლარია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის წლიური ანაზღაურება, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, 158 177 ლარია, რაც თვეში საშუალოდ 13 181 ლარს უტოლდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას, 2016 წლის 26 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 147 750 ლარი აქვს წელიწადში აღებული, რაც თვეში სასუალოდ 12 312 ლარია.

კომისიის თავმჯდომარეზე მეტი ანაზღაურება აქვს აღებული კომისიის რიგით წევრს, გიორგი ფანგანს. მას 2016 წელს, დეკლარაციის მიხედვით, 160 700 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში საშუალოდ 13 391 ლარია. ფანგანს 2017 წლის მარტში აქვს შევსებული დეკლარაცია.

კომისიის წევრს, გოჩა შონიას, 2016 წლის 20 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მიღებული აქვს 146 550 ლარი, რაც 12 212 ლარია თვეში.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ამბოკაძის წლიური ანაზღაურება 130 380 ლარია, რაც თვეში საშუალოდ 10 865 ლარია.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს ბოლო დეკლარაცია 2016 წელს აქვს შევსებული, როცა ის თავმჯდომარის მოადგილე იყო, და ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება იყო 120 552 ლარი, ხოლო თვეში – 10 046 ლარი.

აღნიშნულ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო გიორგი პაპუაშვილი, რომლის დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს წლიური ანაზღაურების სახით მიიღო 131 802 ლარი, რაც თვეში  10 983 ლარს შეადგენს.

netgazeti.ge

 

 

იტვირთბა....