ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ვამბობ, რომ ის შიმშილობს“

დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცუალაია აცხადებს, რომ დეკანოზი მესამე დღეა შიმშილობს და ძალიან დაუძლურებულია.

„ის ძალიან დაუძლურებულია, უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაერთხელ აღვნიშნე, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო რთულია. საუბრის კუთხით ჯერჯერობით ადეკვატურია და მას საუბარი შეუძლია. ექიმები ნახულობენ, ვერ ვიტყვი რომ არ ნახულობენ, არის პერიოდული კონსულტაცია“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მან მიმართა სასულიერო პირებს, რომ მოინახულონ ის საკანში და მოუსმინონ.

„ძალიან მინიმალური მოთხოვნაა – სულიერი ძმა ამბობს, რომ მნახეთ და ჩემი მოისმინეთ. თქვენი სულიერი ძმა, რომელთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ეზიარებით, ამბობს რომ მნახეთ და მოისმინეთ ჩემი“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სასულიერო პირებს არ სჯერათ დეკანოზ გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტის, მივიდნენ და ნახონ ის.

„მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ვამბობ, რომ ის შიმშილობს. ეს დაფიქსირებულია სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციური დაწესებულების შესაბამის წერილში, რომელიც მე ამ დილით ჩამბარდა“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, როგორც „მეტრონომთან“ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა, შესაძლოა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები მისი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით აზვიადებენ.

„ზუსტი ინფორმაცია როცა გაირკვევა, შემდეგ ალბათ, რეაგირება იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია ზუსტი იყოს. შეიძლება, მამა გიორგიმ მარხვა გაამკაცრა და მათ ჰგონიათ, რომ ეს შიმშილია“- აღნიშნა „მეტრონომთან“ დეკანოზმა.

დღეს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პროკურატურას მისი ოჯახის წევრების მიმართ დაცვის მოხსნის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს.

იტვირთბა....