“თამბაქოს ინდუსტრიას თუ გაყიდვები შეუმცირდება, მე პირადად მხოლოდ გამიხარდება, რადგან ეს ჩვენ ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს”, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრი თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებით მათ ბიზნესს ზიანი მიადგება. სერგეენკოს თქმით, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები აუცილებლად არის გასატარებელი.
”ასეთი ტიპის ცვლილებები, რაც ახლა იწყება საქართველოში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საბჭოთა ქვეყნებშიც, დიდი ხანია დაწყებულია. მათთვის ეს სიახლე არ უნდა იყოს. ის, თუ მათ გაყიდვები შეუმცირდებათ, მე, პირადად, მხოლოდ გამიხარდება, რადგანაც ეს ჩვენ ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს, ბევრად მეტი ადამიანი იქნება ჯანმრთელი და იცხოვრებს უფრო ხანგრძლივად”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.