განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ განაცხადა, რომ ახალი კანონი ემსახურება საზოგადოების ინტერესებს:
„საინტერესოა, რომ აპელირებას აკეთებს ის ხალხი, ვინც შემოიღო ტრადიცია უკანონო მოსმენის და ახალა გახდნენ უფლების დამცველი მოსახლეობის. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური თამაშია. რაც შეეხება ახალ კანონს და ახალ სისტემას, მე ვფიქრობ, რომ ის ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მიღებული საკანონმდებლო პაკეტის მთავარი სიახლე სსიპ-ის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარული მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ ამ სააგენტოს ექნება.
კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, განსაზღვრავს მის სტატუსს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
სააგენტოს ამოცანად კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება განისაზღვრება. აღნიშნული მიზნებისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე სააგენტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ცალკეულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებებს განახორციელებს.
პროექტით, ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების წესი და საფუძველი განისაზღვრება. წესრიგდება სააგენტოს მატერიალულ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან, მისი საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებთან დაკავშირებული საკითხები.