საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალური განცხადებით ეხმაურება:
“საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი საქმიანობისას ხელმძღვანელობს შესაბამისი ღირებულებების და მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც მოიცავს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაცნობას და საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფას.
შესაბამისად, ორგანიზაციას პრაქტიკაში აქვს, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების პირდაპირ ეთერში გადაცემისას, სრულიად უსასყიდლოდ მიაწოდოს საერთო სიგნალი სხვა მედიასაშუალებებს, რაც მიზნად ისახავს, ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მთელი საზოგადოებისთვის.
საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნული საერთო სიგნალის გავრცელებისთვის, თავის მხრივ, ხარჯავს განსაზღვრულ ფინანსურ, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს. შესაბამისად, აქვს მოლოდინი, რომ სხვა მედიასაშუალებები გავრცელებული საერთო სიგნალის ეთერში გაშვებისას დაიცავენ საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკას და გაავრცელებენ სიგნალს არხის თანდართული საიდენტიფიკაციო სიმბოლოს (ლოგოს) გამოყენებით.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია, მისი ყოველი დანახარჯი იყოს ეფექტიანად განხორციელებული და ემსახურებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას, რაც, თავის მხრივ, უნდა იყოს ცნობილი და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ვის წინაშეც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებული.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის იცავს პროფესიულ სტანდარტს და იმედს იტოვებს, რომ სხვა მედიასაშუალებები სიგნალის გამოყენებისას იხელმძღვანელებენ ამ პრინციპებით.” -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.