შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის მეუღლე მარეხ ფერაძე, ხვედელიძეზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”არჩევანში” იხსენებს. მისი განცხადებით, მის მეუღლეს, გელა ხვედელიძეს კარგად შენიღბული ორი ადამიანი დაესხა თავს და გარდა ნიღბებისა, თავდამსხმელებს შავი ქურთუკები ეცვათ და კეპები ეხურათ:
”გელა ჩემზე დაახლოებით 2 წუთით ადრე გამოვიდა სახლიდან. მე ჩამოვედი კიბეებით, გამოვედი გარეთ. გელა მაღაზიიდან უკან ბრუნდებოდა და ამ დროს მას თავს დაესხა ორი ნიღბიანი, შავ ქურთუკებში გამოწყობილი ახალგაზრდა. მათ ასევე ეხურათ შავი კეპები. დაუწყეს უმოწყალოდ ცემა. გავიქეცი მისკენ. დავინახე, როგორ ჩაარტყეს წიხლი ფეხში და წააქციეს. მინდოდა ერთისთვის ნიღაბი ჩამომეხსნა, თუმცა მან დაიწყო უკან დახევა, როდესაც ვცადე ნიღბის ჩამოხსნა. მეორე ურტყამდა წიხლებს. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 15-17 წამი. დავიწყე ყვირილი და მალევე შეიკრიბა ხალხი. ვერ გეტყვით ჰქონდათ თუ არა იარაღი, მე არ დამინახავს. რა ჰქონდათ ჩაფიქრებული არ ვიცი”, – განაცხადა მარეხ ფერაძემ.
მისივე თქმით, თავდასხმამდე არანაირი მუქარა არ ყოფილა გელა ხვედელიძის ან ოჯახის მიმართ. როგორც შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მეუღლე აღნიშნავს, ეს რომ ყაჩაღობის მცდელობა ყოფილიყო, ამ შემთხვევაში თავდამსხმელებს უნდა წაეღოთ რამე, რაც არ მომხდარა. მარეხ ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ მის მეუღლეს თან იარაღი არ ჰქონია, რადგან გელა ხვედელიძე ცეცხლსასროლ იარაღს არ ატარებს.