კამპანია “იარე ფეხით” საგზაო მოძრაობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა:
“განხილვამდე არსებული რედაქციით ამ დარღვევაზე გათვალისწინებული იყო 5 საჯარიმო ქულა. თუმცა, ახალი გადაწყვეტილებით “პარკირების წესის დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულა არ მოაკლდება. შეევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს, რომ ხშირად სწორედ ტროტუარებზე მოთარეშე ავტომობილების მსხვერპლი ხდებიან ქვეითები.
ერთის მხრივ, თბილისის მერია კრძალავს გარე ვაჭრობას ტროტუარებზე, ნიშნავს ქვეით ინსპექტორებს ქალაქში დაბინძურების საკითხის მოსაგვარებლად, მეორეს მხრივ კი თბილისის მერის განცხადებები ტროტუარებზე პარკირების გაუქმებასთან დაკავშირებით 2015 წლიდან მოყოლებული ცარიელ დაპირებებად რჩება. ქვეითებს კვლავ თავად უწევთ გამკლავება მანქანებთან, მშენებლებთან, ბარ-რესტორნებთან, რომლებიც თვითნებურად ითვისებენ და იკავებენ საჯარო სივრცეებს. “იარე ფეხით” მოუწოდებს შსს-სა და პარლამენტს შეწყვიტონ ადამიანების თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების უფლების შეზღუდვა ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ და დააბრუნონ კანონპროექტიდან ამოღებული პუნქტი ტროტუარზე პარკირების შესახებ. ან მაქსიმალურად გაზარდონ ჯარიმა,” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მართვის მოწმობის ქულათა სისტემაზე მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ იმსჯელეს. წინასწარი შეთანხმებით, პარკირების დარღვევაზე მძღოლებს ქულები აღარ ჩამოეჭრებათ, თუმცა ქულათა სისტემა გულისხმობს სხვა დარღვევებზე მუშაობას.