აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყანაში გზის გასაყვანად ივანიშვილმა 5 000 გადაიხადა: რამ გამოიწვია ხის გადატეხვა

 

ნატანების გამგებელი ჯიმი ღლონტი „მეტრონომთან“ დეტალებს ყვება

ელზა პაპოშვილი

გურიაში, სოფელ ნატანებში, წუხელ, ბიძინა ივანიშვილის ხე გადატანისას დაზიანდა. 250 წლის წიფელი ივანიშვილმა სოფელ ნატანების სკოლის პედაგოგისგან 5 000 დოლარად შეიძინა.

როგორც ადგილობრივები „მეტრონომთან“ ყვებიან, ხე შუაზე გადატყდა და მის დასაჭრელად მთელი ღამის განმავლობაში ნატანები-ლეკურის სავალი გზა გადაკეტილი იყო.  მათივე თქმით,  ხის ასაკის გამო, მისი გადატანა არ შეიძლებოდა.

ნატანების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ხეს შესაბამისი სამაგრი არ გაუკეთეს, რის გამოც, შუაზე გადატყდა. ხის დაჭრასა და გზის გასუფთავებაში მონაწილეობას ადგილობრივებიც იღებდნენ.

ბიძინა ივანიშვილმა გურიიდან თავის დენდროლოგიურ პარკში რამდენიმე ასწლოვანი ხე  გადაიტანა. სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მან ძირითადად ნატანებიდან წაიღო. ამის შესახებ „მეტრონომთან“ სოფლის  მაცხოვრებლები ყვებიან.

ადგილობრივი მოსახლეობისგან ასწლოვან მუხასა და წიფელში ივანიშვილმა რამდენიმე ათასი ლარი გადაიხადა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, გარდა ხეებისა, ივანიშვილმა სოფლის მაცხოვრებელს თანხა იმაში გადაუხადა, რომ ხის გადასატანად მის ყანაში გზის გაყვანა გახდა საჭირო.

“ივანიშვილმა წიფელი 5 000 დოლარად სკოლის მასწავლებლისგან იყიდა. იმ ქალმა გააფრთხილა მყიდველი, ძალიან ძველია და მისი გადატანა შეუძლებელი იქნებაო, მაგრამ ვინ დაუჯერა. ჯერ ხე ძლივს ვაი უბედურებით მოთხარეს, ძალიან გაუჭირდათ, რადგანაც 250 წლის წიფელია. ფესვები საკმაოდ ღრმად ჰქონდა გატანილი. მერე ხე სიძველის გამო, მარტივად გადატეხვადი იყო. ახლა, როგორც ვიცით, სოფელში კიდევ რამდენიმე ხე იყიდა და უკვე მოთხრილიც არის, გამზადებულია გადასატანად.

ეს ჩვენი სოფლიდან ხის წაღების პირველი შემთხვევა არ არის. მარტში ნატანებიდან  ხე რომ წაეღო, ჩვენი თანასოფლელის ნანობაშვილის ყანაზე გზა გაიყვანეს. ამიტომ მას ივანიშვილმა კომპენსაციის სახით 5 ათასი ლარი გადაუხადა. ფართობში გაიყვანეს დროებითი გზა, რადგან სხვა მხრივ სურმავასგან ნაყიდი ხის ტრანსპორტირებას ვერ ახერხებდნენ.

კი ძალიან კარგია, რომ ივანიშვილი ხეებს ყიდულობს და ამით ხალხი ფულს შოულობს, მაგრამ ტერიტორია, სადაც ხეეები ითხრება საშინლად ატალახებული და გადათხრილი რჩება.

ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიიდან სამი ასწლოვანი ხე წაიღეს. იქაურობა დღემდე აოხრებული და გაფუჭებულია. ამოაგდებენ, მოთხრიან ამ ხეებს, თავის საქმეს მორჩებიან, დაგებულ ბილიკებს ამოყრიან და ჩვენ  ტალახი და გავერანებული ტერიტორია გვრჩება.

სულ ატალახებულია ყველაფერი. ვეღარ გაივლი იმ ტერიტორიაზე” – აცხადებენ ნატანებლები „მეტრონომთან“ საუბრისას.

გარდა ამისა, ადგილობრივებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, რომ ხეების გადატანის პროცესში ასობით აბონენტს საათობით ეთიშებათ ელექტროენერგია. ერთ-ერთი ხის გადატანის დროს ადგილობრივები ამბობენ, რომ  წვერმაღალამდე, რამდენიმე ათეულ მეტრზე, გაზის მილები გადაჭრეს.

სოფელ ნატანების გამგებელი ჯიმი ღლონტი „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ წუხელ გადატანილი ხის წაქცევას სოფლის მთავარ გზაზე მოძრაობა არ შეუფერხებია. მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია თითქოს ნატანები-ლეკურის სავალი გზა დიდი ხნის განმავლობაში გადაკეტილი იყო.

გამგებლის თქმით, ხეები სოფლიდან ივანიშვილს ყოველთვის ღამის საათებში გააქვს, შესაბამისად მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები არ ექმნება.

ღლონტი ამბობს, რომ წუხელ ხის წაქცევისას სავალი გზის ჩაკეტვა მხოლოდ რამდენიმე წუთით მოხდა. მისი ინფორმაციით, ხის გადატეხვის მიზეზი მისი არასწორად დამაგრება იყო. გამგებელის განცხადებით, აქამდე ხის გადატანის პრეცედენტი არ ყოფილა, შესაბამისად მოსახლეობა რა პრობლემების შესახებ საუბრობს, მისთვის უცნობია.

ღლონტის თქმით, ივანიშვილს სოფელში კიდევ რამდენიმე ხე აქვს მოთხრილი და გადასატანად გამზადებული, შესასაბამისად მისი გადატანის პროცესს დააკვირდება და ყველანაირად უზრუნველყოფს, რომ ამ პროცესით მოსახლეობის შეწუხება არ მოხდეს.
„არ ვიცი ნატანების მოსახლეობა რა პრობლემებზე საუბრობს. წუხელ სოფლიდან  ხის გადატანის პირველი შემთხვევა იყო. მე როგორც მითხრეს და ინფორმაცია მაქვს, მისი წაქცევა არასწორად დამაგრების გამო მოხდა.

ხე დიდი იყო და შესაბამისად უფრო მეტ ადგილას უნდა დაემაგრებინათ.  არასწორია ინფორმაცია, რომ ნატანების მთავარი გზა დიდი ხანი გადაკეტილი იყო. ჯერ ერთი, ხის გადატანა ღამის სამ საათზე ხდებოდა და ამ დროს დამეთანხმებით, რომ მოძრაობა არ არის.

დღის საათებში ხე არასდროს გადაუტანიათ. არასწორია ასევე ინფორმაცია, რომ ვითომ გაზის მილები დაჭრეს და ელექტროენერგია გაითიშა. არ ვიცი მოსახლეობა რას აპროტესტებს, ჩემთან ასეთი პრეტენზიებით არავინ მოსულა. სოფელში გადასატანად სხვა ხეებიც არის გამზადებული. დავაკვირდები მათ გადატანის პროცეს, რათა მოსახლეობას რაიმე ზარალი არ მიადგეს“, – ამბობს ღლონტი „მეტრონომთან“.

იტვირთბა....