განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, წელს პირველად იქნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა. თუმცა, მისი თქმით, იქნება ქაღალდის წიგნებიც.
“ამაში ბევრი კომპონენტი იგულისხმება. ერთია, რომ ყველა სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო არ იყოს; მეორე, გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს; მესამე არის, რომ სადაც დიდტანიანი სახელმძღვანელოებია, აუცილებლად უნდა გავყოთ; მეოთხეა, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც შემოვა, უნდა იყოს წონის სტანდარტის შესაბამისობაში. ეს სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ და შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეების ჩანთები უკვე წელს შემსუბუქდება”, – განაცხადა განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან.
ჯეჯელავას თქმით, ეს ჯერ დაბალი კლასების მოსწავლეებს შეეხება, ხოლო მაღალ კლასებში აღნიშნული ცვლილება შემდგომი წლების ამოცანა იქნება.
“წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ალტერნატივა ქაღალდის წიგნების ანუ იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონულიც. მაგალითად, სახლში მოსწავლე ქაღალდის სახელმძღვანელოთი იმუშავებს, სკოლაში ელექტრონულს წაიღებს”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.