გურიაში, სოფელ ნატანებში, ტრანსპორტირებისას 250 წლის წიფელი დაზიანდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ხე შუაზე გადატყდა. დაგეგმილია ხის დაჭრა და მისი ტერიტორიიდან გატანა, იქამდე კი ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა დაკეტილია. ამის შესახემ ინტერპრესნიუსი წერს.
„ხე 250 წლის იყო და მისი გადატანა არ შეიძლებოდა. ხეს შესაბამისი სამაგრი არ გაუკეთეს, რის გამოც, შუაზე გადატყდა“, – განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ბესო ქათამაძემ.
მისივე მტკიცებით, გურიაში დენდროლოგიური პარკი არ კეთდება და ასწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ეზოში გადააქვს.
“ხე ბიძინა ივანიშვილმა სოფელ ნატანებში ერთ-ერთი პედაგოგისგან 5000 დოლარად შეიძინა. იგი 250 წლის იყო და მისი გადატანა არ შეიძლებოდა, რადგან ფესვები უკვე დაზიანებული ჰქონდა, მაგრამ ივანიშვილმა მაინც მოათხრევინა. სავალალო შედეგიც დაუდგა. ხე რომ ამოიღეს, მას სამაგრი არ ჰქონდა და გადატყდა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მინდა გითხრათ და დოკუმენტურად დაგიდასტუროთ, რომ გურიაში არანაირი დენდროლოგიური პარკი არ ეწყობა. ასწლოვანი ხეები საკუთარ ეზოში მიაქვს და ქარსაფარ ზოლს აკეთებს, ტბის პირას. ეს ბუნების დამცველებმა უკეთესად იციან”, – განაცხადა ბესო ქათამაძემ.
ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.