ელზა პაპოშვილი
სანქტ-პეტერბურგში მეტროში აფეთქების შემდეგ, პეტერბურგში მყოფი „მეტრონომის“ წარმომადგენელი ანა გოგია ქალაქში არსებულ სიტუაციაზე და მოსახლეობის განწყობის შესახებ „მეტრონომს“ ექსკლუზიურად ინფორმაციას აწვდის.
„ქალაქში საგანგებო სიტუაციაა შექმნილი, ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია და სახლიდან გამოსვლისგან თავს იკავებენ“. – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს „მეტრონომის“ წარმომადგენელი სანქტ-პეტერბურგში ანა გოგია.
მისი თქმით, დახურულია ყველა მეტრო სადგური და აეროპორტი. ქალაქში შეჩერებულია სხვა ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მისი ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები, ქუჩაში დარჩენილ მოსახლეობას უფასოდაც კი ემსახურებიან.
გოგიას განცხადებით, ცოტა ხნის წინ, პეტროგრადსკაიაზე ასევე ავტობუსი აფეთქდა. თუმცა, ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ და ცდილობენ დაადგინონ საქალაქო ტრანსპორტის აფეთქების მიზეზები და დაზარალებულთა რაოდენობა. ამ მომენტისთვის, მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
„პოლიცია ქალაქის მაცხოვრებლებს პეტერბურგის ცენტრალურ უბნებში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. იმ ქუჩებზე, სადაც სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, აფეთქების საფრთხე არსებობს, ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დაკეტილია“. – ამბობს ანა გოგია.
„კიდევ კარგი, მეტროში აფეთქება დილის საათებში არ მოხდა. ხალხი ამ დროს მრავლადაა ხოლმე მეტროში და მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა“ – ამბობს გოგია და ამატებს, რომ ამ დროისთვის, მეტროში აფეთქების სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
როგორც აქ თვითმხილველების ნაწილი ამბობს, ხელნაკეთი ბომბი ჩანთაში იყო მოთავსებული. ზოგი იმასაც ამბობს, ვაგონში თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდაო და ასაფეთქებელი მოწყობილობა თავად აამოქმედაო. მოკლედ ჯერჯერობით დეტალებზე ოფიციოზი არ საუბრობს და იმედი მაქვს ყველაფერი მალე გაირკვევა“ – იუწყება ანა გოგია სანქტ-პეტერბურგიდან.
მისი თქმით, ქართველების დაშავების, ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავად მან ყველა ნაცნობი ქართველი მოიკითხა და საბედნიეროდ, მათგან დაზარალებული არავინაა. არც საქართველოს სათვისტომოში არ შესულა რომელიმე ქართველის დაკარგვის შესახებ შეტყობინება.
ახლახანს გააკეთა განცხადება პუტინმაც. მისი თქმით ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„ქალაქში საკამოდ დაძაბული სიტუაციაა. ახლა სამსახურში ვარ და აქედან გელაპარაკები. არ ვიცი რითი წავალ სახლში. როგორც ამბობენ ტაქსის მძღოლები არიან ქუჩაში გამოსულები და გარეთ დარჩენილ მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიანო. ზოგიერთმა ტაქსის კომპანიამ მოსახლეობის სახლში მიყვანა თავის თავზე აიღო. პეტერბურგის ცენტრალურ ქუჩებზე მოსახლეობას გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ვინც იმ ქუჩაზე არ ცხოვრობს, სასწრაფოდ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ“. – ამბობს „მეტრონომის“ წარმომადგენელი.
როგორია მოსახლეობის განწყობა? ანას თქმით, ტერორისტული აქტები მეტროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, კაფეებში და სხვა საჯარო დაწესებულებებშიც შესაძლოა მოხდეს. ყოველი შემთხვევისთვის, ამის შიში და განცდა ქალაქში არსებობს.
ამიტომ, ყველა სავაჭრო ცენტრი და კაფე ამ მომენტისთვის დახურულია. ხდება პერსონალის სასწრაფო გაყვანა და ტერიტორიების შემოწმება. ქუჩაში პოლიციის და სამხედროების უპრეცედენტო რაოდენობაა გამოსული. ყველას და ყველაფერს ამოწმებენ. როგორც ახლა გავიგეთ, მეტროს სხვა სადგურშიც უპოვიათ ასაფეთქებელი მოწყობილობა და გააუნებელყვეს“, – ამბობს გოგია.
(აქ ნახეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან)