“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან
ავტორი: ნინო ცხადაია
ზემო ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობის საზარელი საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება. ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი ხაბელაშვილია.
მისი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სასამართლო სხდომებს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე უძღვება. ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის.
მასვე ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით. დღევანდელი სასამართლო სხდომა გაგრძელდა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით.
პირველი მოწმე დაზარალებული, ოთარ მამფორიას ძმის, გელა მამფორის მეუღლე, თამარ არახამია იყო. როგორც მან სასამართლოს წინაშე, დაკითხვისას განაცხადა, ის ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს იცნობს მისი მეუღლისგან, რადგან ისინი მეგობრობდნენ. სასამართლოს წინაშე მან აღნიშა, რომ ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილის მეგობარი ქალის, ლენა ნიკოლაევნას სახლში, რამდენიმე დღით, თავის შვილებთან ერთად ცხოვრობდა.
მოწმის თქმით, ხაბელაშვილს მისი შვილები უყვარდა, ისინი ბაღიდანაც ხშირად გამოჰყავდა და კანფეტებს ყიდულობდა. თამარ არახამიამ სასამართლოს განუმარტა, რომ ის სრულად ენდობოდა გიორგი ხაბელაშვილს. მოწმის განცხადებით, მან იცოდა რომ ოთარ მამფორია სახლში ფულს ინახავდა. ისიც იცოდა, რომ ფული მას საძინებელში ჰქონდა. როგორც წინა პროცესებზე სხვა მოწმეებმა, მანაც დაადასტურა, რომ მასთან სახლში მივიდა ზაზა ლურსმანაშვილი, გიორგი ხაბელაშვილის მეგობარი და უთხრა, რომ ეს საზარელი მკვლელობა გიორგის ჩადენილია.
”თავი დახარა და ამბობდა, რომ ეს მკვლელობა გიორგის ჩადენილიაო” – აღნიშნა მოწმემ.
თამარ არახამიამ ისიც დაადასტურა, რომ შემდეგ მასთან მივიდნენ ბრალდებული და მისი მეუღლე, გელა მამფორია, ხაბელაშვილმა კი ზაზა ლურსმანაშვილს სცემა. თამარ არახამიას თქმით, მისმა ძმამ ოთარ მამფორიას ფულს სურათი გადაუღო.
მოწმის სახით დაიკითხა მისი ძმაც, რომელმაც დაადასტურა, რომ მან ოთარ მამფორიას ფული ნამდვილად ნახა, სურათიც გადაუღო და სოციალურ ქსელ odnoklassnik-ზე დადო. მისი განცხადებით, აღნიშნულ სოციალურ ქსელში დამეგობრებული ჰყავდა ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი. შესაბამისად, მოწმის ვარაუდით, ის ამ სურათს ნახავდა. გარდა ამისა, მოწმემ განაცხადა, რომ მან აღნიშნული სურათი გიორგი ხაბელაშვილსაც ანახა, როდესაც მასთან და გელა მამფორიასთან ერთად ქეიფობდა.
”ეს რომ ვანახე, ვთქვი, რომ ოთარიმ იმდენი იმუშავა, რომ ეს ფული დააგროვა-მეთქი” – აღნიშნა მოწმემ. პროცესს ესწრებიან მოკლული ნონა რომანაძის მეუღლე და ნათესავები. ისინი ”მეტრონომთან” საუბარში ამბობენ, რომ გიორგი ხაბელაშვილის ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარებათ, ხოლო ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ”შეკერილია” და ხაბელაშვილი უდანაშაულოა.