“მეტრონომის” ინტერვიუ მაია რჩეულიშვილის ადვოკატ მარიამ ცუცქირიძესთან
როგორ აპირებს „ცენტრ პოინტი“ დაზარალებულების დაკმაყოფილებას, თუ პროკურატურა მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო გარიგებას გაუფორმებს. ამის შესახებ „მეტრონომი“ მაია რჩეულიშვილის ადვოკატს, მარიამ ცუცქირიძეს ესაუბრა.
ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პროკურატურასთან და დაზარალებულებთან მოლაპარაკებები, რათა საპროცესო შეთანხმება მოხდეს და დაზარალებულების ინტერესები დაკმაყოფილდეს.
ცუცქირიძის თქმით, თუ „ცენტრ პოინტის“ ქონებას ყადაღა სრულად მოეხსნება, მაშინ ინვესტორის დახმარებით, რომელიც უკვე მოძიებულია, ამ ვალდებულებას შეასრულებს.
იგივეს აცხადებს რუსუდან კერვალიშვილის შვილი, ჟურნალისტი ნინო დარასელი. მისი თქმით, ქონება არსებობს იმაზე მეტი, ვიდრე მშენებლობების დასრულებას სჭირდება. ჟურნალისტის განცხადებით, მათი დაკმაყოფილების რესურსი “ცენტრ პოინტს” ნამდვილად გააჩნია.
„მეტრონომი“: პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. თქვენ ამ ეტაპზე რა ინფორმაცის ფლობთ და მიდის თუ არა პროკურორებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები?
მარიამ ცუცქირიძე: პროკურატურამ ეს ინფორმაცია დღეს გაახმოვანა, თუმცა, ჩვენი მხრიდან ამაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს. ძალიან სერიოზული ინვესტორები გვყავს მოძიებული და თუ პროკურატურის ინტერესებში რეალურად დაზარალებულების დაკმაყოფილება შედის, ამ მოლაპარაკებაზე უნდა დაგვთანხმდნენ.
საპროცესო შეთანხმებაზე ხელი თუ არ შეგვიშალეს, ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილებას შევძლებთ. სხვაგვარად მხოლოდ გულის მოფხანა გამოვა და რეალურად ის ხალხი ისევ დაზარალებულად დარჩებიან. ეს საკითხი უკვე ყოველდღიურ რეჟიმში განიხილება.
– დაზარალებულთა ნაწილი პროკურატურას მოუწოდებს, რომ მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება არ გააფორმონ. თქვენ თუ გაქვთ დაზარალებულებთან კონტაქტი და როგორია მათი დამოკიდებულება საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით?
– დაზარალებულების უმრავლესობა, ვისთანაც ჩვენ ვკონტაქტობთ, საპროცესო გარიგებას მიესალმება და გულშემატკივრობენ კიდევაც. მათი ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინა მიიღონ. ეს შეიძლება მხოლოდ საპროცესო გარიგების შემთხვევაში მოხდეს. ხოლო არის დაზარალებულების პატარა ჯგუფი, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. ამ ადამიანებს რა სურთ ჩემთვის გაუგებარია. თუ მათი თვითმიზანი ამ ადამიანების ციხეში ყოფნაა, კი, ბატონო, მაგრამ ამით რა შედეგს მიიღებენ?
როგორ მოხდება მათი დაკმაყოფილება? ზარალს ვინ და როგორ აუნაზღაურებთ? იმ ადამიანებს ვისაც რეალური შედეგის მიღება უნდათ და საკუთარი ქონების დაბრუნება სურთ, ჩვენთან თანამშრომლობენ.
ვინმეს ბინის აშენება თუ არ უნდა და ამ ქალების ციხეში ჯდომა უნდოდა, მაშინ გამოდის, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული ყოფილა. არ ვიცი ამ ხალხს ვინ აქეზებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მოთხოვნა, არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, მათივე ინტერესების საწინააღმდეგოა.
– თუ პროკურატურა და დაზარალებულებიც საპროცესო გარიგებას დათანხმდებიან, როგორ აპირებს „ცენტრ პოინტი“ დაზარალებულების დაკმაყოფილებას?
– არსებობს ძალიან დიდი აქტივი და უზარმაზარი ქონება, რომლის გაყიდვის შემთხვევაში, არა თუ ამ დაზარალებულების ქონებას, არამედ უამრავ ახალ პროექტს ეყოფა. ხოლო ამის რეალიზაციის ფონზე დასრულდება კორპუსები და ყველა დაზარალებული თავის ქონებას მიიღებს.
ჩვენ ინვესტორებიც უკვე მოძებნილი გვყავს. საკმაოდ ავტორიტეტული და გავლენიანი ადამიანები არიან, რომლებიც დაზარალებულების დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობის აღებაზე თანახმანი არიან. მათ სახელსა და გვარებს, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვასახელებთ, თუმცა მათი ვინაობის შესახებ პროკურატურამ იცის და მათთან არაერთი გასაუბრებაც ჰქონია. შესაბამისად პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ არ ვიტყუებით და ინვესტორები ნამდვილად არსებობენ, რომელთაც კონკრეტული მიზნები აქვთ.
თუ ვინმეს „ცენტრ პოინტის“ ხარჯზე გამდიდრება უნდა და მორალური ზარალისთვის ახალ ცალკე თანხებს ითხოვს, ეს ცალკე მათი პრობლემაა. ადამიანებს რეალურად სურთ, რომ თავისი ქონება მიიღონ. ვისაც რა ეკუთვნის ის უნდა მიიღოს.
ვინმეს თუ არაბუნებრივი მოთხოვნილებები აქვს, რა თქმა უნდა, რომ ყველაფრის დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ. რაც ხელშეკრულებით ნაკისრია, ყველაფერს შევასრულებთ, მთავარია ამაში ხელისუფლებამ ხელი შეგვიწყოს.
– თუ საპროცესო შეთანხმება არ შედგა, დაზარალებულების დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს?
– ვერავინ ვერ დააკამაყოფილებს ამ ხალხს, თუ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხეში დარჩნენ. თუ სახელმწიფო რაიმე პროგრამას არ მოიფიქრებს და ამ ხალხის დაფინანსება საკუთარი სახსრებით არ მოახერხა. ეს კი ნაკლებად შესაძლებელია. ხელისუფლება „ცენტრ პოინტის“ ქონებას ვერ გაყიდის, რადგანაც მუხლი ქონების გაყიდვას არ ითვალისწინებს. უბრალოდ ბრალდებულები სასჯელს მოიხდიან და გამოვლენ. დაზარალებულების ინტერესებს კი ვერავინ დააკმაყოფილებს.
ელზა პაპოშვილი