„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დაპატიმრებული არიან. სასამართლომ მათ სააკაძის მოედანზე მდებარე ეპიზოდზე 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე პატიმრობაში რჩება რჩეულიშვილების ვაჟი, გუკა რჩეულიშვილი, ხოლო ვახტანგ რჩეულიშვილი უმძიმესი დიაგნოზით საავადმყოფოშია.
„ახალმა თაობამ” ვახტანგ რჩეულიშვილთან საუბარი მოახერხა.
– ექიმები რას მეტყვიან, სიმსივნეა და, როგორ განვითარდება პროცესი, ვინ რა იცის.
ძალიან ცუდად ვარ, ისევ საავადმყოფოში ვარ და თითქმის სულ მძინავს, – განგვიცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
მისი აზრით, „ცენტრ პოინტის“ საქმე პოლიტიკური პროცესია და სამართალთან კავშირი არ აქვს.
– ამ საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს. დღეს ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი. მეც, მაიაც, რუსუდანიც _ ყველანი პოლიტიკოსები ვართ. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. მე მიმაჩნია, რომ ამ საქმეს სულ სხვა საფუძველი აქვს.
თავის დროზე სახელმწიფომ არ აიღო არავითარი ვალდებულება, რომ„ ცენტრ პოინტს“ დახმარებოდა, ყველაფერი მარტო კომპანიას აჰკიდა და თან ის ვალები, რაც სახელმწიფოს ჰქონდა, არ დაგვიბრუნა. ამან გამოიწვია ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ჩვენ დავდექით, გარდა ამისა, ხალხიც არ იხდიდა თანხებს და ამ ყველაფერს დაერთო ჩვენი ცუდი მომსახურებაც. მოკლედ, ყველაფერი ერთად მოხდა.
მიშას უნდოდა დედისტირება ოპოზიციისთვის, შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა იმ ოპოზიციამ მოინდომა დედისტირება მიშასთვის და აი, ამ ყველაფერში მოყვა მაია და ახლა უკვე რუსუდანიც, – აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.
მას მიაჩნია, რომ „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობისს დაკავებით დაზარალებულებს არ შველებათ.
– 25 დაზარალებულია კმაყოფილი მაიას დაკავებით, დანარჩენი 2.500 ფიქრობს, რომ ამით პროკურატურამ უფრო ცუდი საქმე გაუკეთა. დღეს დაზარალებულების დიდი ნაწილი პროკურატურის მიმართ არის აგრესიულად განწყობილი. მიხვდნენ, რომ მაიას დაკავებით მათ პრობლემას არაფერი ეშველება.
ვახტაანგ რჩეულიშვილის განცხადებით, 11 აპრილს მისი შვილი ციხიდან გამოდის.
– დღეს ჩემთვის ყველაზე სასიხარულო, რაც ხდება, არის ის, რომ, მთავარია, ჩემი გუკა გამოდის. მაია მაქსიმალურად აწამეს, რუსუდანი დააკავეს. რაღას იზამენ ახლა, თავებს ხომ ვერ მოგვაჭრიან?! კიბო მაქვს მე, კიბო აქვს მაიასაც. რუსუდანია ერთადერთი ჯანმრთელი და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ გუკა გამოდის. 11 აპრილს გამოვა. გამოდის იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ვადა უთავდება, თორემ მათი კეთილი ნებით კი არ უშვებენ! – განუცხადა „ახალ თაობას“ ვახტანგ რჩეულიშვილმა.
„ახალი თაობა“, ნონა ცაბაძე