თურქეთში დაგეგმილ რეფერენდუმში, ქურთების მხარდაჭერის მოსაპოვებლად სიტყვით გამოსვლისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ თავს “მშვიდობის გარანტი” უწოდა.
“ჩვენ ვართ მშვიდობის მცველები, ჩვენ ვართ თავისუფლების მცველები,” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა და მოუწოდა ქურთებს, რეფერენდუმზე მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის უფლებების გაზრდას.
საკონსტიტუციო რეფერენდუმისთვის მიძღვნილ შეხვედრაზე, ერდოღანმა, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კოალიციასა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრო-ქურთული დემოკრატიული სახალხო პარტია.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 16 აპრილსაა დაგეგმილი. რეფერენდუმი თურქეთის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზრდის. რამდენიმე დღის წინ, კომპანია ORC-მა რეფერენდუმის შესახებ გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, მთავარი კანონის შეცვლის ინიციატივას მხარს უჭერს 55.4%.
2015 წელს, ორწლიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ, ქურთისტანის სამხრეთ ნაწილი თურქ და ქურთ სამხედროებს შორის შეტაკებების ყველაზე ინტენსიურ ადგილად იქცა. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2015 წლის ივლისიდან, 2016 წლის დეკემბრამდე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 2 000 ადამიანი დაიღუპა და ათობით სახლი განადგურდა.
შეიარაღებული კონფლიქტი ანკარასა და ქურთებს შორის, რომელიც ქვეყნის შიგნით განათლების მიღების ავტონომიის იდეით დაიწყო, 2015 წლის ქალაქ სურუჩის ტერაქტის შემდეგ გამწვავდა. მაშინ ამ ტერაქტს 32 ქურთი ემსხვერპლა.