თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, სადაც დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენცია, რომელსაც საამიროების უდიდესი ქალაქი მე-7-ედ მასპინძლობს, წამყვანი გლობალური პლატფორმაა და მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის მდიდარი გამოცდილებისა და ამ კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
მათივე ცნობით, მაღალი რანგის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, დავით ნარმანია შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე, კონფერენციის მონაწილე ჰოლდინგების ხელმძღვანელებთან და მათ თბილისის როგორც საინვესტიციო, ასევე, ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
,,გამომდინარე იქიდან, რომ ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტერესი თბილისის მიმართ საკმაოდ დიდია, ჩვენ წარვადგენთ ორ პროექტს, ესენია: თბილისის ზღვის განვითარების პროექტი და ქალაქში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობის პროექტი, რომლებთან დაკავშირებითაც წინასწარი მოლაპარაკებებიც არსებობს. ასე რომ, დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტები მოწონებას დაიმსახურებს და შესაბამისი საინვესტიციო ჯგუფები შემდეგ უკვე თბილისშიც ჩამოვლენ”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონფერენციას მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ბიზნეს დელეგაციები, მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და მეცნიერები ესწრებიან. თემატურ პანელებზე განხილული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიები, მონაწილეები იმსჯელებენ, თუ რა როლი აქვს
ინვესტიციებს ქვეყნის განვითარების გზაზე, ერთმანეთს გაუზიარებენ კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე პრაქტიკას. მე-7 ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) მთავარი თემაა – „საერთაშორისო ინვესტიციები – გზა კონკურენტუნარიანობისა და განვითარებისკენ“.
ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა (AIM) დუბაიში 2-დან 4 აპრილამდე გასტანს. კონფერენციას Dubai World Trade Centre მასპინძლობს.