პოლიტიკური პარტიების წევრი ქალები რუსუდან კერვალიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავენ:
“გამოვთქვამთ შეშფოთებას პარლამენტის ყოფილი წევრის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრების გამო.
სასჯელის ზომა უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და ითვალისწინებდეს ქალბატონი რუსუდანის უაღრესად დიდ წვლილს პარლამენტის განვითარებაში. ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა არ არის პროპორციული სასჯელი.
გამოვთქვამთ შეშფოთებას მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, არ დაუშვას შერჩევითი მართლმსაჯულება და სისხლის სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს ლეგიტიმური მიზნებისთვის, მათ შორის დაზარალებულთა უფლებების დასაცავად და არა კონკრეტული პირის და ოჯახის მიმართ ანგარიშსწორებისთვის”.
განცხადებას ხელს აწერენ: ეკა ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, ნინო კალანდაძე, ხათუნა ოჩიაური, სევდია უგრეხელიძე, მარიკა დათუკიშვილი, სამირა ისმაილოვა – “ნაციონალური მოძრაობა”, ელენე ხოშტარია, ხათუნა გოგორიშვილი, ირმა ნადირაშვილი – “ევროპული საქართველო”, ნინო ბურჯანაძე, მანანა სალუქვაძე – “დემოკრატიული მოძრაობა”, ნინო გოგუაძე, თამარ კეკენაძე – “თავისუფალი დემოკრატები”, მანანა ნაჭყებია – “ახალი მემარჯვენეები” და სხვ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა “ცენტრ პოინტის” საქმეზე მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზებას ძალაში ტოვებს. დაცვის მხარე კი, სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ასაჩივრებს.
“განვმარტავთ, რომ სასამართლოს განაჩენით, ყველა დაყადაღებულ ქონებას ყადაღა მოეხსნა”,-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ყველა დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნას უარყოფს.მისი თქმით, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ გირაოთი დატვირთულ მიწის ნაკვეთს, რომელიც აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.