ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებს შეხვდა.
“ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება. რასაც ჩემი სახელით ავრცელებენ, ტყუილია, არ დაიჯეროთ. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, თბილისთან დამაკავშირებელი გზა არ დაიკეტება. ქართველებთან კარგი ურთიერთობა მხოლოდ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადების შემდეგაა შესაძლებელი”, – აღნიშნა ბიბილოვმა.
ის ახალგორელებს პერიოდულად ქართულ ენაზეც მიმართავდა.
ახალგორი ოკუპანტების და სეპარატისტების კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოექცა.
9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე. წ. რეფერენდუმი ჩატარდება. ეს უკანასკნელი იმის გასარკვევად, უნდა თუ არა მოსახლეობას სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა. ე. წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის სურვილი “ისტორიული სახელის – ალანია – დაბრუნებაა”.
სეპარატისტები რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე. წ. რეფერენდუმის ჩატარებასაც გეგმავენ.