კამპანიამ „ეს შენ გეხება“, ვებ-გვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე ელექტრონული სარჩელის ფორმა განათავსა, რომლითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ე.წ. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივრონ ახლად მიღებული კანონი. მოქალაქეებს შეუძლიათ, შევსებული სარჩელი ამობეჭდონ, ხელი მოაწერონ და მიაწოდონ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი. ასევე, შეუძლიათ უშუალოდ მივიდნენ დასახელებულ მისამართზე და შეავსონ სარჩელი. ამისთვის თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
“ფარულ მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არასკონსტიტუციურად, თუმცა საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც საკონსტიტუციო სასამართლოს შენიშვნები და არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.”,- აცხადებენ მოძრაობის წევრები.