ახალი ამბები მთავარი სამართალი

პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმებას ახალქალაქში ინციდენტი მოჰყვა

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში პატრულის ეკიპაჟსა და მანქანის მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა.  ამის მიზეზი კი პატრულის მიერ ერთ-ერთი მძღოლის დაჯარიმება გახდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კრისტინა მარაბიანის თქმით, ამის გამო დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ქალაქის ცენტრში გზა ნაწილობრივ გადაკეტილი იყო.

პატრულის ეკიპაჟმა ერთ–ერთ ახალგაზრდას ჯარიმა ღვედის არქონის გამო დაუწერა, თუმცა, მძღოლი ირწმუნება, რომ ღვედი ეკეთა და ჯარიმას არ იმსახურებდა.

ჟურნალისტის თქმით, მძღოლს თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალგაზრდას ღვედი ნამდვილად ეკეთა. თუმცა, საპირისპიროს აცხადებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

პატრულის ეკიპაჟსა და მძღოლის შელაპარაკების გამო, შემთხვევის ადგილზე მალევე მოქალაქეები შეიკრიბნენ, რამაც ქალაქის ცენტრში მოძრაობა შეაფერხა. მოლაპარაკებების შემდეგ, დაჯარიმებული მძღოლი და პატრულის თანამშრომელი შეთანხმდნენ, რომ ამბის გასარკვევად საპატრულო პოლიციის მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერი ნახონ.

„შეთანხმდნენ, რომ თუ აღმოჩნდება, რომ მძღოლს ღვედი ეკეთა, პატრული ბოდიშს მოიხდის. თუ ასე არ იყო, მაშინ ახალგაზრდა გადაიხდის ჯარიმას“, – ამბობს ქრისტინა მარაბიანი.

მისივე ინფორმაციით, ამ შეთანხმების შემდეგ ახალქალაქში შეკრებილები დაიშალნენ. ჟურნალისტის თქმით, ეს მსგავსი ხალხმრავლობის პირველი შემთხვევა არ არის, ბოლო პერიოდში ასეთი ინციდენტები ახალქალაქში ხშირად ხდება.

იტვირთბა....