“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან
ზემო ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობის საზარელი საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი ხაბელაშვილია. მისი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. წინა სხდომაზე, რომელსაც სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე უძღვებოდა, ბრალდებულმა თქვა, რომ ის მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. ესენი არიან მოკლული ქალის ნათესავები და მეზობლები. მოწმის სახით დაიკითხა იუზა მამფორია, რომელიც გარდაცვლილი ქალის ქმრის, ოთარ მამფორიას ბიძაშვილია. მისი თქმით, ის ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს იცნობს, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არ აქვს. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, მისი ოჯახი ოთარ მამფორიას სახლში ცხოვრობდა. მოკლულ ნონა რომანაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან მასთან ერთად ცხოვრობდა. მკვლელობამდე ერთი წლით ადრე კი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. მისი თქმით, ოთარ მამფორიამ ნონა რომანაძე ტელეფონით კომუნიკაციის საშუალებით გაიცნო, შემდეგ დაქორწინდნენ. ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ ოჯახებთან ერთად. მათთან ერთად ცხოვრობდა ასევე ოთარ მამფორიას ძმა თავის ოჯახთან ერთად. მისი თქმით, მკვლელობამდე ერთი წლით ადრე ოთარი და ნონა იმ სახლში უკვე მარტო დარჩნენ.
რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს, მისი თქმით, ბრალდებული ოთარ მამფორიას ოჯახში ხშირი სტუმარი არ ყოფილა. მას კარგი ურთიერთობა ოთარ მამფორიას ძმასთან, გელა მამფორიასთან ჰქონდა. იუზა მამფორიას ვარაუდით, ხაბელაშვილმა იმის შესახებ, რომ ოთარ მამფორიას სახლში ფული ჰქონდა, იცოდა.
” ხაბელაშვილმა თავის მეგობარს, ლურსმანაშვილს უთხრა, რომ ერთი ოჯახი ვიცი, სადაც ფული ინახება და მე ვერ წავალ, მიცნობენ, შენ წადი ფულის გამოსატანადო. ისიც უთხრა, რომ ბავშვი სკოლაში დადისო. ხაბელაშვილმა ლურსმანაშვილს უთხრა, რომ შეიძლება ქალი მოვკლაო, ეს რომ ლურსმანაშვილმა გაიგო, უარი განაცხადა მის თანამზრახველობაზე”- განაცხადა მოწმემ. მისი თქმით, ერთხელ გიორგი ხაბელაშვილმა მას დაურეკა და ფული სთხოვა – 20 ლარი. ეს ფაქტი, მკვლელობამდე მოხდა. როგორც მოწმემ განაცხადა, მან ფული ოთარ მამფორიასაც სთხოვა.
ბრალდებულის ადვოკატის, თამაზ კვახაძის მიერ, მოწმის დაკითხვის პროცესს დარბაზში მოკლული ქალის ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ახლობლები ფიქრობენ, რომ ბრალდებული ნამდვილად დამნაშავეა და მათ გაღიზიანებას იწვევს ადვოკატის მხრიდან კრიტიკული კითხვების დასმა მოწმის მართ. მოწმემ განაცხადა, რომ ის ოთარ მამფორიას ძმასთან ერთად როცა სვამდა, მაშინ გელა მამფორიამ უთხრა, რომ ხაბელაშვილის მეგობარმა მას უთხრა, რომ მკვლელობას გიორგი ხაბელაშვილი ჩაიდენდა. გელა მამფორია არ იჯერებდა, მაგრამ შემდეგ ოთარ მამფორიამ მიმართა პოლიციას და აღნიშნული ფაქტი შეატყობინა. მოწმის თქმით, ეს მოხდა 2016 წლის მაისში. მოწმე იუზა მამფორიასთან კითხვები ნაფიც მსაჯულებსაც ჰქონდათ. ისინი დაინტერესდნენ, გაუღებდა თუ არა ნონა რომანაძე გიორგი ხაბელაშვილს კარს ხალათით და თუ შეიპატიჟებდა სახლში. ამაზე მოწმემ უპასუხა, რომ რადგან ნონა რომანაძე იცნობდა ხაბელაშვილს, მას კარს გაუღებდა და თუ ის რაიმეს სთხოვდა, სახლშიც შეიპატიჟებდა. მამფორიამ განაცხადა, რომ ნონა ის ადამიანი არ იყო, რომ მისთვის კარი ცხვირწინ დაეხურა.
ადვოკატმა თამაზ კვახაძემ ”მეტრონომს” განუცხადა, რომ მოწმეებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. მისი თქმით, აღნიშნული საქმე ”შეკერილია” სამართალდამცველების მიერ. როგორც მან განაცხადა, ბრალდებულს აწამებდნენ, რომ მას აღიარებითი ჩვენება მიეცა. ”როგორც წინა პროცესზე ბრალდებულმა თავად განაცხადა, მის წამებაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი იღებდა მონაწილეობას. მან გადატენილი იარაღით დაემუქრა, რომ აღიარებითი ჩვენება მიეცა. ჩვენებაში ხაბელაშვილს ათქმევინეს, რომ ოთარ მამფორიას ბრალდებულმა 2000 დოლარი სთხოვა და მან კი არ ასესხა, სწორედ ამიტომ იძია მასზე შური და ჩაიდინა ეს მკვლელობა”- განუცხადა ”მეტრონომს” კვახაძემ. აღნიშნულ ბრალდებაზე, რომ ხაბელაშვილი ნაწამებია, როგორც ადვოკატი ამბობს, გამოძიება მიმდინარეობს. კვახაძის მტკიცებით, ამ საქმეს არ გამოიძიებენ და მას ამის ილუზია არც აქვს. რაც შეეხება სხვა დეტალებს, როგორც მან განაცხადა, ის მოვლენებს წინ არ უსწრებს და ფაქტები პროცესებზე თანდათან გამოააშკარავდება.
ნინო ცხადაია